თრიალეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. მოიცავდა მდ. ქციის ზემო წელისა და მდ. ზურტაკეტის (შავწყაროსწყლის) აუზებს წალკისა და გომარეთის მაღალმთიან პლატოებზე. დასავლეთიდან მას ჯავახეთის მთები ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან – თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთიდან – ლაკვისა და ბედენის მთები, სამხრეთიდან კი – მაშავრის ხეობა.თ. პირველად იხსენიება რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან (ახ. წ. I ს.), სადაც იგი ტაშირთან ერთად იბერიის ოლქადაა დასახელებული. ლეონტი მროველის მიხედვით, თ. უძველესი დროიდანვე შიდა ქართლში შედიოდა და სპასპეტის საგამგეო იყო. ადრეულ შუა საუკუნეებში ის ქვემო ქართლის პიტიახშს ექვემდებარებოდა. წერილობითი წყაროებიდან მიღებული ცნობების გარდა, ამაზე მიუთითებს თ-ის დას. საზღვარზე არსებული ნასოფლარი – სახელწოდებით "საპიტიახშო", რ-იც ამ სამფლობელოს მიჯნად შეიძლება მივიჩნიოთ. ჯუანშერის ცნობითაც: "პიტიახში ნათესავი ფეროზისი, მთავრობდა თრიალეთს, ტაშირსა და აბოცს". არაბთა მიერ დაპყრობილ საქართვ. ოლქებში თ-იც იხსენიება, რ-იც IX ს-ში არაბებს გვარამ მამფალმა წაართვა ტაშირ-აბოცთან და ჯავახეთ-არტაანთან ერთად. IX ს. 70-იან წლებში ლიპარიტ ბაღვაშმა "შეიპყრნა... ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდეკართა" და საფუძველი ჩაუყარა კლდეკარის საერისთავოს. X ს-ში აშენდა თ-ის ახალქალაქი. ბაღვაშთა პოლიტ. ექსპანსიის გამო, თ-ის ცნება ხშირად ვრცელდებოდა მის მეზობელ ხევებზედაც. თ-ის შიგნით არსებული მიკროქვეყნები იყო ზურტაკეტი, ნარიანი, ფარავანი, ყაბისყური, საციხისთავო ერთეულები – ნარდევნისა, სანთისა და სხვ. ყველა ამათ ერქვა "ქუეყანანი თრიალეთისანი".თ. კახეთის მოსახლეობისათვის უძველესი დროიდანვე საძოვრებით განთქმული მხარე იყო შიდა და ქვემო ქართლში, ცენტრალური და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო აქ თავს იყრიდა ოთხივე მაგისტრალი და მრავალი გზა-ბილიკი, ამის დადასტურებაა ციხეებისა და ქარვასლა-ფუნდუკების ნაშთები, გეოგრ. სახელწოდებანი. ასეთი მნიშვნელობის გამო საქართველოს გამაერთიანებელ მეფეთათვის თ. აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა. დავით IV აღმაშენებლის დროიდან თ. სამეფო საკუთრებად იქცა, რ-საც მეფის ერთგული მოხელე მართავდა. საფიქრებელია, რომ ამ დროიდან მხარის ცენტრმა წალკაში გადაინაცვლა და მისი სახელი მთელ ოლქზე გავრცელდა. ამის პირველი დადასტურებაა XII ს. "ქართლის ცხოვრების" ძვ. სომხ. თარგმანი: "თრიალეთთა ქვეყანა, რომელიცაა წალკელთა". ამავე ხანებში უნდა დაარსებულიყო წალკის საეპისკოპოსო კათედრა თ-ის მღვდელმთავრისა, რ-იც პირველად XIII ს. ძეგლში იხსენიება.მონღოლთა ბატონობიდან მოყოლებული (XIII ს.), თ. მოსახლეობისაგან თანდათან იცლებოდა. ეს პროცესი გაგრძელდა თემურლენგის შემოსევების დროსაც (XIV–XV სს.). ფეოდ. ხანის გვიანდელ საუკუნეებში თ-ის სოფელთა უმეტესობა სამეფო იყო და სხვადასხვა პირებს ჰქონდათ ჩაბარებული სამოურავოდ. მოსახლეობის მოზიდვის მიზნით სამეფო ხელისუფლება მათ გარკვეულ შეღავათებს უწესებდა, მაგრამ მტრის ხშირმა შემოსევებმა, ლეკიანობამ თ. XVIII ს. ბოლოსათვის მთლიანად გააუდაბურა. XIX ს. 30-იანი წლებიდან რუსულმა ხელისუფლებამ არზრუმ-გიუმიშხანედან აქ თურქულად მოლაპარაკე ბერძნები ჩამოასახლა, გაჩნდნენ მოახალშენე სომხები, ქართველები მოვიდნენ ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან.ამჟამად თ. წალკის მუნიციპალიტეტში შედის, ზურტაკეტის სოფლები კი – დმანისის მუნიციპალიტეტში.ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი I, თბ., 1979; მისივე თრიალეთის უცნობი წარწერები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», I, თბ., 1982. დ. ბერძენიშვილი.