თრიალეთის კულტურა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრინჯაოს ხანის კულტურა. გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად თრიალეთის ტერიტორიაზე და მეზობელ რ-ნებში. არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1936–40, 1947 (ბ. კუფტინი). თ. კ-ის ძეგლებში უმთავრესად იგულისხმება ყორღანული სამარხები (გორასამარხები). თ. კ-ის ძეგლებია: ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასასრულის (ძვ. წ. III ათასწლ. ბოლო) და შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) ყორღანული სამარხები; გვიანდ. ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანის სამაროვნები. ყორღანების ნაწილი ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. ყორღანული სამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი სამარხები. ისინი დაფარული იყო მიწაყრილით, ქვაყრილით ან ქვა-მიწაყრილით. სამარხი ორმო და დასაკრძალავი დარბაზი სქელი ძელებით იხურებოდა და გრძელი დრომოსი (ორმოს – გრუნტში ჩაჭრილი, დარბაზს – ქვით ამოყვანილი) უკეთდებოდა. ზურტაკეტის (თრიალეთი) უდიდესი ყორღანების ქვაყრილის დიამეტრია 100 მ სიმაღლე – 8 მ; დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ 2 აღწევდა, კედლების სიმაღლე – 4–6 მ. ალაზნის ველზე გათხრილი დიდი ყორღანის მიწაყრილის სიმაღლეა 15 მ; თრიალეთის X ყორღანის ორმოს სიღრმეა 8 მ; თრიალეთის XVII გორასამარხის ორმოს ზომებია 14 მ × 8,5 მ × 6 მ. კუშჩის XXXVI ყორღანის დასაკრძალავი დარბაზის შიდა ფართობი 175 მ 2 აღწევდა, მისი ხის სვეტები ფურცლოვანი ოქროთი ყოფილა გარშემოკრული (აღმოჩენილია ფრაგმენტები). ამ ყორღანების აგება მხოლოდ გვარებისა და ტომების ერთიანი ძალებით იყო შესაძლებელი. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულების ნეშტი (კრემაციაქმნილი ან იშვიათად ინჰუმაციური) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკლულ საქონელს ან მის ნაწილებს, ზოგჯერ – მსხვერპლად შეწირულ მსახურს თუ მონას. ეს მიუთითებს პატრიარქალურ-გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესზე. სამარხებში აღმოჩენილია ჭურჭელი (შავპრიალა თიხის ფაქიზად გრავირებული; მოწითალო თიხის სხვადასხვა სტილის ფერადი მოხატულობით); ობსიდიანისა და ლითონის იარაღ-საჭურველი (სპილენძის, ბრინჯაოს, ვერცხლის და სხვ.), სამკაული (ოქრო-ვერცხლის იუველირული და ტორევტიკული ნაკეთობანი, ქვისა და პასტის მძივები და სხვ.). მრავალი მათგანი უტოლდება მსოფლიო ხელოვნებისა და ხელოსნობის ნიმუშებს.თ. კ. ეკუთვნის ეკონომიურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედთა ტომებს, რ-თა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრ. საქართველოს ბუნებრივი პირობები. თ. კ. მტკვარ-არაქსის კულტ. მემკვიდრეა. მსგავსი ძეგლები ცნობილია კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სომხეთში. ხელოსნური ნაწარმის თავისებური ფორმებით, მხატვრული სტილით, დამზადების ტექნიკით, დაკრძალვის წესითა და იდეოლოგიური მონაცემების ხასიათით თ. კ. დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.ლიტ.: გოგაძე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972; მენაბდე მ., დავლიანიძე ც., თრიალეთის სამაროვნები, თბ., 1968; ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969; Жоржикашвили Л. Г., Гогадзе Э. М., Памятники Триалети эпохи ранней и средней бронзы, Тб., 1974; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, I, Тб., 1941; მისივე Археологические раскопки 1947 года в Цалкинском районе, Тб, 1948; Пиотровский Б. Б., Археология Закавказья, Л.,
1949. ე. გოგაძე.