თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X ს. მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია. მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტ. თრუსოში, მდ. სუათისისა და თერგის შესაყართან მდებარე მთის თხემზე, სოფ. კარკუჩის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. ძეგლს სამხრ-იდან 2 გვიანდელი მინაშენი აქვს, რ-თაგან ერთი კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა, მეორე დანგრეულია. ეკლესიას აღმ-ით ნახევარწრიული ფორმის, უსწორმასწორო კონქით გადახურული აფსიდი აქვს. ერთადერთი სწორკუთხა კარი სამხრ-იდან არის გაჭრილი. გარედან გადახურულია ტიმპანით, რ-ის თაღის წიბოს მახლობლად ნალესობაზე ხელის მტევანია აღბეჭდილი. საკურთხევლის ბაქანი იატაკის დონიდან 2 საფეხურითაა შემაღლებული, მის წინ მართკუთხა ფორმის ქვა დევს, რ-ის შუაში ამოკვეთილია ფოსო, როგორც ჩანს, ჯვრის ჩასამაგრებლად. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით, რ-ის ცენტრ. თაღი ორსაფეხურიან პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ძეგლის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. სარკმლები შემკულია ნახევარწრიული რელიეფური თავსართებით. თ. მ. ე. გადახურულია ფიქლის ქვებით. სახურავის კეხზე, აღმ. მხარეს, აღმართულია ქვის ჯვარი. გადმოცემით, ეკლესიის კარის თავზე ქართ. წარწერა ყოფილა ამოკვეთილი. გ. ბაგრატიონი.