თუზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ-ების ძუსისა და ბუჯის წყალგამყოფ სერზე, ჭიათურა–ზესტაფონის საავტ. გზაზე, თემის ცენტრი (სოფლები: თ., ვარდიგორა, თავასა, კაკაბოური, ჯგილათი). ზ. დ. 450 მ თერჯოლიდან 19 კმ ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).თ-ის მიდამოებში, მდ. ვარხმელის (ძუსის მარცხ. შენაკადი) ხეობაში არის თუზის კარსტული მღვიმე, გამომუშავებული ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. იწყება 12 მ სიღრმის ჭით. სიღრმეში წარმოდგენილია 7 დარბაზი. მღვიმეშია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, კალციტის სვეტები. თ-ში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების ფრესკებით მოხატული ეკლესია. თ-ის მიდამოებში იდგა XI–XII სს. ეკლესია ლაპიდარული წარწერებით. ამჟამად ეკლესია დანგრეულია. წარწერები ინახება ჩხარის მუზეუმში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკაზე დატანილია თ-ის ციხე-დარბაზი. ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.ც. ვაშაკიძე. თ. ბერაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თუზი&oldid=11643-დან“