თუთის აბრეშუმხვევია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Bombyx mori, L.), პეპელა ნამდვილი აბრეშუმხვევიების (Bombycidae) ოჯახისა. განვითარების ფაზებია: კვერცხი (გრენა), ჭია (მუხლუხი, მატლი), ჭუპრი, პეპელა. გრენის ფაზაში ჩანასახი ვითარდება. გრენიდან გამოსული ჭია მაშინვე იწყებს ჭამას, იზრდება და აგროვებს საკვებს მომდევნო ფაზებისთვის და აბრეშუმის პარკის გასაკეთებლად. 25–30 დღეს ცოცხლობს. ამ პერიოდში 4-ჯერ იცვლის კანს და 5 სხვადასხვა ასაკს გადის. იკვებება თუთის ფოთლით. ერთი ჭია სიცოცხლეში 20–25 გ ფოთოლს ჭამს. ჭია პირველივე ასაკიდან გამოყოფს ძაფს აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლებიდან, რ-იც მე-5 ასაკში სხეულის საერთო მასის 40%-ს აღწევს. ამის შემდეგ ჭია წყვეტს კვებას, ადის ცახზე და ახვევს პარკს. ეს პროცესი 3 დღეს გრძელდება. პარკში ჭია ჭუპრად იქცევა. ჭუპრიდან გამოსული პეპელა ზრდასრული ფაზაა. პეპლის ფუნქციაა გამრავლება. მას ფრენის უნარი დაკარგული აქვს. მდედრი პეპელა 10–15 დღეს ცოცხლობს და 500–700 გრენს დებს. მეაბრეშუმეობაში ფართოდ იყენებენ <ბრ />თ. ა-ს ჯიშურ სახესხვაობებს. გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით არის თ. ა-ს იაპ., ჩინ., ევრ., მცირეაზიული, კავკ. და სხვ. ჯიშები; ვოლტინურობის მიხედვით – მონოვოლტინური (იძლევა 1 თაობას), ბივოლტინური (იძლევა 2 თაობას) და პოლივოლტინური (იძლევა რამდენიმე თაობას).საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია ადგილ. გამოყვანილი თეთრპარკიანი ჯიშები: "იმერული", "კახური", "ტბილნიიშ-3", "ქართლი", "თბილისური", "ჩინებული", "ივერია" და ძირითადად მათი ჰიბრიდები: მზიური-1, მზიური-2, დიღმური-1, დიღმური-2, დიღმური-6, დიღმური-7; პართენოკლონები: პკ-31, პკ-33, პკ-43, აგრეთვე კლონჯიშური ჰიბრიდები: პკ-31Xასგა, პკ-33Xასგა, პკ-43×დიღმური-6, პკ-43× დიღმური-7. ჯიში "ტბილნიიშ–3" 1966-იდან დარაიონებულია აღმ. საქართველოში. ჭია თეთრია, ახვევს ოვალური ფორმის პარკს. 1 გ მურიდან მიიღება 3,8–4,2 კგ პარკი, ძაფის სიგრძეა 1100–1200 მ. მზიური-1 და მზიური-2 დარაიონებულია შიდაქართლის რეგიონში. მათი პარკიდან მიღებული ძაფით დამზადებულმა ქსოვილმა 1998 ესპანეთში ევროპის ხარისხის კომიტეტის უმაღლესი ჯილდო – პლატინის ვარსკვლავი დაიმსახურა. თ. ა-ს ჯიში "თბილისური" დარაიონებულია 1972-იდან, მონოვოლტინურია, ახვევს მოგრძო-ოვალურ, ოდნავ წელში გამოყვანილ პარკს. 1 გ მურიდან მიიღება 3,8–4,4 კგ პარკი, ძაფის სიგრძეა 1300–1400 მ. ნ. ბარამიძე. გ. ნიკოლეიშვილი. შ. ღვინეფაძე.