თუთუბო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Rhus), ფოთოლმცვივანი, მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. მისი 150 სახეობა გავრცელებულია ზომიერად თბილ, სუბტროპ. და ტროპ. ჰავის სარტყლებში. საქართველოში გავრცელებულია თ-ს ერთი სახეობა Rh. coriaria. იგი ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. აქვს პატარა ყვავილები და წითელი კურკიანა ნაყოფი. გვხვდება კახეთში, ქართლში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და აფხაზეთში. გავრცელებულია ნათელი ტყეების ზონაში, გამეჩხრებულ მუხნარებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში ზ. დ. 1000 მ-მდე. სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლე მცენარეა. ფოთლები და ყლორტები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ფოთლების, ღეროს ქერქისა და ნაყოფისაგან მიიღება სხვადასხვა ფერის საღებავი. ნაყოფს სასიამოვნო მომჟავო გემო აქვს და იხმარება საჭმლის საკაზმად. მრავლდება თესლით და ფესვის ამონაყრით. მ. ლორია.