თურქეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Türkiye) თურქეთის რესპუბლიკა (Türkiye Cumhüriyeti), სახელმწიფო დასავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ესაზღვრება აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, ერაყი, ირანი, სირია. რესპუბლიკის დამყარებამდე (1923 წ. 29 ოქტომბრამდე) ოფიც. სახელწოდება – ოსმალეთი (იხ. ოსმალეთის იმპერია და საქართველო). ფართ. 7836 ათ. კმ 2. მოსახლეობა 78,7 მლნ. კაცი. (2015). სახელმწ. ენა – თურქული, დედაქალაქი – ანკარა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანო – დიდი ეროვნული კრება (ორპალატიანი პარლამენტი), ფულის ერთეული – თურქ. ლირა. თ. ნატოს წევრია 1952-იდან, ხოლო ევროპული კავშირის ასოცირებული წევრი 1963-იდან.1922 წ. 1 ნოემბერს ოსმალეთის სულთნის პოსტი იურიდიულად გაუქმდა. 1923 წ. 29 ოქტომბერს თ. რესპუბლიკად გამოცხადდა რ-ის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მუსტაფა ქემალი (1934-იდან – ათათურქი). 1924 წ. 3 მარტს გაუქმდა ხალიფატი. 1924 მიიღეს თ-ის რესპ. პირველი კონსტიტუცია. თ-ის ამჟამინდელი კონსტიტუცია მოქმედებს 1982-იდან, რ-ის 177 მუხლიდან 113 შეცვლილია. 2017 წ. 16 აპრილს გამართულმა საყოველთაო რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საპარლამენტო პოლიტიკური სისტემის შეცვლას სარეზიდენტო მმართველობით.1918–21 ოსმალეთმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და თბილისმა და ანკარამ ელჩები გაცვალეს. გასაბჭოების შემდეგ კი საქართველო ვეღარ ატარებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. მისი საზღვარი თ-თან დადგინდა საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თ-ის 1921 წ. 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებით. მისი მუხლები გამეორდა 1921 წ. 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებაში, რ-საც გასაბჭოებული საქართველოც აწერდა ხელს. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქართველი და სომეხი მეცნიერების მიერ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატიები, რ-ებიც შეიცავდა ტერიტ. პრეტენზიებს თ-ის მიმართ. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობას გარკვეული შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა, რაც შემდგომ არ განხორციელდა.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991) თ. ერთ-ერთი პირველი სახელმწ. იყო, რ-მაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წ. 21 მაისს ორ ქვეყანას შორის დამყარდა დიპლ. ურთიერთობა და მოხდა ელჩების გაცვლა.1992 წ. 30 ივლისს თბილისში ჩამოვიდა თ-ის პრემიერ-მინისტრი ს. დემირელი და საქართველოსა და თ-ის რესპ-ებს შორის დაიდო ხელშეკრულება "მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილ-მეზობლური ურთიერთობის შესახებ", საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონ. ვითარება შეიქმნა, თ-ის მთავრობამ საქართველოს აღმოუჩინა ფინანსური და სხვა სახის დახმარება.თ-ს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო ეკონ. და პოლიტ. კავშირურთიერთობა, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი კასპიის ზღვის აუზის აზერბ. სექტორიდან თურქეთის მიმართულებით საქართვ. სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებით მილსადენების გაყვანამ: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი (ორივე გაიხსნა 2006). მიმდინარეობს საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზის (ბაქო–თბილისი–ყარსი) მშენებლობა, რ-იც უნდა დასრულდეს 2017.გარდა 1988 გახსნილი სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტისა, 1995-იდან მოქმედებს სასაზღვრო გადასასვლელი ქ. ვალესთან, ხოლო 2014-იდან – სოფ. კარწახთან. თ. საქართველოს სტრატეგიული და უმთავრესი სავაჭრო-ეკონ. პარტნიორია. საქართველოსა და თ-ს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 2016 სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ შეადგინა 1525 მლნ. აშშ დოლარი. ამავე დროს არსებობს დიდი დისბალანსი ურთიერთვაჭრობაში: თ-ის ექსპორტი საქართველოში ხუთჯერ აღემატება იმპორტს საქართველოდან. ვითარდება თანამშრომლობა ეკონ., სამეცნ.-ტექ., სამხ. ურთიერთობათა კულტ., განათლებისა და მეცნ. სფეროში. XXI ს. დასაწყისიდან ხდება ჩრდ.-აღმ. თ-ში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია.ლიტ.: კომახიძე ნ., მეზობელო კარისაო. საქართველო-თურქეთის ურთიერთობის თავისებური ახალი ეტაპი, თბ., 1994; სვანიძე მ., დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება საქართველოსა და თურქეთს შორის გაზ. «საქართველოს რესპუბლიკა», 1992 წ. 5/II. რ. გაჩეჩილაძე.