თურქულენოვანი ხალხები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხები. თ. ხ. ცხოვრობენ 12 მლნ. კვ. კმ-ზე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან ინდოეთამდე და ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ჩინეთის დიდ კედლამდე, კერძოდ კი შუა აზიაში (უზბეკები, ყაზახები, თურქმენები, ყირგიზები), სამხრ.-აღმ. აზიასა და ციმბირში (ალთაელები, იაკუტები, შორები, ხაკასები, დოლგანები, თუვები), ვოლგა-კამის აუზში (ბაშკირები, ჩუვაშები), ჩრდ. კავკასიაში (ბალყარები, ყარაჩაელები, ყუმუხები, ნოღაელები), ირანში (აზერბაიჯანელები, ავშარები, ყაჯარები, ყაშყაელები, ჰალაჯები), ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანელები, ყარაფაფახები, ურუმები), შავი ზღვისა (ყირიმის თათრები) და კასპიის ზღვისპირეთში (ყარაყალფახები), მცირე აზიაში (თურქები). თურქული წარმომავლობის მცირერიცხოვანი ერები მოსახლეობენ უკრაინაში (თათრები, ყარაიმები), ლიტვაში (თათრები, ყარაიმები), პოლონეთში (ყარაიმები), მოლდავეთში (გაგაუზები), მაკედონიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში (თურქები), ჩინეთში (უიღურები, სალარები და ყვითელი უიღურები), ავღანეთში (თურქმენები). ცალკეული თურქული ერის ფორმირებას უძღოდა მრავალრიცხოვანი მიგრაციები. ცენტრ. აზიიდან V–VI სს-ში შუა აზიისკენ დაიძრნენ ოღუზები. X–XII სს-ში ძველ უიღურთა და ოღუზთა მიგრაციის დიაპაზონი გაფართოვდა აღმ. თურქმენეთისა და მცირე აზიისკენ. ამავდროულად თუვების წინაპართა კონსოლიდაცია ხდებოდა ხაკასებსა და ალთაელებთან. მეორე ათასწლეულის დასაწყისშივე ენისეის ნაპირებიდან ყირგიზი ტომები გადმოსახლდნენ დღევანდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე. XV ს-ში გაერთიანდნენ ყაზახთა ტომები.ქართველებთან თურქული მოდგმის ხალხებს ურთიერთობა V ს-იდან უნდა ჰქონდეთ. თურქული მოდგმა პირველად იხსენიება იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში": ვარსქენი მიდის "ჰონთა ზედა საბრძოლველად". ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალი ცდილობდა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა ჩრდ. კავკასიაში მომთაბარე თურქული წარმომავლობის ჰუნთა ურდოები. ადრეულ საუკუნეებში ხაზართა და ქართველთა მჭიდრო ურთიერთობაზე მეტყველებს ცნობა "ქართლის ცხოვრებიდან", რომ ხაზარული იყო ერთი იმ ექვს ენათაგანი, რ-იც "იზრახებოდა ქართლსა შინა". ცნობილია საქართველოს სამეფოს ურთიერთობა ანატოლიაში ჩამოყალიბებულ სელჩუკთა პირველ თურქულ სახელმწიფოსთან. თურქ-სელჩუკთა მმართველი თუღრულ-ბეგი ლიპარიტ ბაღვაშთან ურთიერთობდა, ხოლო ალფ-არსლანმა ბაგრატის მეფობისას რამდენჯერმე დალაშქრა საქართველო. დავით აღმაშენებლის მიერ 1118 წ. ჩამოსახლებული "ყივჩაღთა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს". თამარის ისტორიკოსის თხზულებაში "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" ქართლში მცხოვრებ ყივჩაღთა ცოცხალი მეტყველების მაგალითებიც კია დაფიქსირებული. მემატიანის ცნობით, "დიდი თურქობის" დროს გეგონებოდა, რომ "ყოველი თურქობა ყოვლისა ქვეყნისა" ქართლში იყო ჩამოსახლებული. ობიექტური ისტ. პირობების გამო თურქ-სელჩუკთა სამხედრო აქტივობა იზღუდება, ხოლო ფეოდალური საქართველო პოლიტიკურ-ეკონომიკურ აღმავლობას განიცდის. მთელი რიგი ომების შემდეგ საქართველოზე დამოკიდებული აღმოჩნდნენ თურქული სასულთნოები არა მხოლოდ აღმ. ამიერკავკასიაში, არამედ, ირანის აზერბაიჯანშიც; მათ წარმომადგენლებს იღებდნენ ქართველთა სამეფო კარზე "პატივითა" და "ზარით", იყო ხმა "მგოსანთა და მოშაირეთა", "ეწყობოდა დარბაზობა", "ნადირობა და ბურთაობა". წყაროების ანალიზიდან გამომდინარე, ურთიერთობა ძველ თურქულენოვან სამყაროსთან მხოლოდ ომებით არ განისაზღვრებოდა და კულტ.-ეკონ. სფეროსაც მოიცავდა. თავისი კვალი, რა თქმა უნდა, მონღოლებმაც დატოვეს. მონღოლთა შემოსევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგთაგანი იყო სწორედ თურქული ელემენტების გაზრდა-გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში XV ს-იდან იწყება იმ მომთაბარე თურქმენული ტომების, ელების (თურქ. el–ტომი, ხალხი) ჩამოსახლება, რ-თა შთამომავლებიც არიან დღევანდელი ყარაფაფახთა-რაქამები, ანუ დღეს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა დიდი უმრავლესობა. თურქმანული ტომების საქართველოში ჩამოსახლება და დამკვიდრება მე-17 ს-მდე ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა, მე-17 ს-იდან კი სეფიანთა დინასტიის შაჰების მიზანმიმართულ პოლიტიკად იქცა. შაჰ აბას I-მა მრავალრიცხოვან მასებად ჩაასახლა ელის ხალხი კახეთში. ქართლის ტერიტორიაზე XV–XVIII სს-ში არსებობდა ელების რამდენიმე სახანო და სასულთნო – შამშადილოს, ყაზახის და ბორჩალოს; შემდგომში ეს სახანოები გაერთიანდა ყაზახ-შამშადილოს სახანოდ. მე-18 ს-ში ელის მოსახლეობა ადგილობრივ ფეოდალურ ურთიერთობათა გარემოცვაში მოექცა, შემუშავდა "ელის დებულება", რ-იც შევიდა დასტურლამალში. ქვემო ქართლის მოსახლეობისაგან დაცლილ, გაუკაცრიელებულ მიწებზე ერეკლე II-მ ჩაასახლა სპარსელებისგან შევიწროებული 250 თურქმანული ოჯახი. ადრიანოპოლის ზავის თანახმად, რუსეთის იმპერიის გენერლის პასკევიჩის მიერ აღძრული შუამდგომლობის საფუძველზე, ნიკოლოზ I-მა აღმ. ანატოლიის ვილაიეთებში მცხოვრებ თურქულენოვან ბერძნებს – ურუმებს – 1830 წლისათვის წალკის მიდამოებში დასახლების უფლება მისცა. საქართველოში თურქულენოვანი ხალხები ამ ორი ერთეულითაა წარმოდგენილი.ლიტ.: ალასანია გ., ქართველები და ისლამამდელი თურქები, თბ., 2008; სვანიძე მ., თურქეთის ისტორია, თბ., 2007; შენგელია ნ., მცირეაზიელი სელჩუკები და საქართველო (XI საუკუნის ბოლო მეოთხედი – XIII საუკუნე), თბ., 2003; Корелов И. А., Иноязычные греки (урумы) на территории Грузии (историко-этнографический очерк), «Известия АН Грузинской республики (Моамбе)» 1989, №2. მ. ჯიქია.