თურქული ენები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონღოლურსა და თუნგუსურ-მანჯურულ ენებთან ერთად მიეკუთვნება ალთაურ ენათა მაკროოჯახს, რაც, ტიპოლოგიური მსგავსების გარდა, მათ ნათესაობასაც ითვალისწინებს. ენათა ამ გაერთიანებაში შეაქვთ იაპონური და კორეული ენებიც. წინარე თურქულიდან მომდინარეობს 2 შტო: საერთო თურქული და ბულგარული; ბულგარულისაა ჩუვაშური, აწ მკვდარი ვოლგა-დუნაისპირეთის ბულგარული და ხაზარული. საერთო თურქულისაა: I. დასავლური (ყივჩაღური) ჯგუფის ენები: 1. ა) ყარაიმული, ყუმუხური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, ყირიმის თათრული, ყარაყალფახური, ყაზახური; ბ) ბაშკირული, თათრული (ყაზანის); 2. ყირგიზული; II. სამხრეთული (ოღუზური) ჯგუფის ენებია: თურქული, აზერბაიჯანული, თურქმენული, გაგაუზური; III. აღმოსავლური (უიღურული) ჯგუფის ენები: უიღურული, სალარული, სარი-იუღურული, უზბეკური; IV. ჩრდილოური (ციმბირული) ჯგუფის ენები: 1. ა) ალთაური; ბ) თუვიური, ყარაგასული; გ) ხაკასური, კამასიური, შორული, დოლგანური, ჩულიმურ-თურქული; 2. იაკუტური. ძველი, საშუალო და ახალი თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია, ორხონულ-ენისეური (რუნული), უიღურული, მანიქეური, ბრაჰმი, არაბული, ნესტორიანული, სლავური (კირილიცა) და ლათინური დამწერლობის ძეგლებით. ამათგან ორხონულ-ენისეური და ძველი უიღურული დამწერლობა საკუთრივ თურქული წარმომავლობისაა, თურქული ენებისათვის დამახასიათებელია ხმოვანთა ჰარმონია; ტიპოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია. გრამატიკული მნიშვნელობები გადმოიცემა აფიქსაციით, რედუპლიკაციით, თხზვით, დამხმარე სიტყვებით, სიტყვათა წყობით, ინტონაციით და სხვ. თურქულ ენებს სქესის გრამატიკული კატეგორია არ გააჩნიათ; ყველა ენაშია კუთვნილების კატეგორია; წინადადება ნომინატიური წყობისაა, მსაზღვრელი პრეპოზიციულია საზღვრულისადმი. ჭარბადაა არაბულიდან, სპარსულიდან და მეზობელ ხალხთა ენებიდან ნასესხები სიტყვები. ძირითადი ლექსიკური ფონდი, ანდაზები და ხატოვანი სიტყვა-თქმანი თურქულ ენებში საერთოა. 220 მილიონი ადამიანი ერთნაირად ითვლის: bir, iki, üc, dört/tört, beş alti, yedi/yeddi/ceti, sekiz, dokuz/tokuz, on... თურქული ენის პირველი ლექსიკონი (9000 სიტყვა) და გრამატიკის სახელმძღვანელო «Divanu Lugati’t – Türk» 1072 წელს მაჰმუდ კაშგარელმა შეადგინა. თურქული ენები ორი ტიპისაა: ლიტერატურული და ხალხურ-დიალექტური. ლიტერატურული ენები ორი სხვადასხვაობითაა წარმოდგენილი: გავრცელების დიდი არეალებისა და ხანგრძლივი მოქმედების მქონეა ორხონისა და ენისეის წარწერათა ენა და ძველი უიღურული სალიტ. ენა, სოღდიურ ანბანზე აღმოცენებული მანიქეური დამწერლობითა და ბრაჰმი შრიფტით. ყარახანთა მუსლიმურ სახელმწიფოში (ცენტრით – კაშგარი) XI–XII სს-ში ჩამოყალიბდა ყარახანული სალიტერატურო ენა. XIII–XIV სს-ში სირდარიის ქვემო წელში და ნაწილობრივ ოქროს ურდოს ტერიტორიაზე აღმოცენდა ხორეზმული ლიტერატურული ენა, რ-შიც ბევრია ყივჩაღური წარმომავლობის ლექსიკა, ყველაზე მნიშვნელოვანი შუასაუკუნეების თურქული სალიტერატურო ენების განვითარების ისტორიაში ჩაღათაური ენის პერიოდი იყო... – და მცირე გეოგრაფიული და დროითი მასშტაბის მქონე ენები, რ-თაც საერთო ტრადიცია არ გააჩნიათ, მაგ., არაბული გრაფიკის მქონე სელჯუკურ ძეგლთა ენა, XIII–XIV სს. ეგვიპტისა და სირიის ყივჩაღური ძეგლები –მათ მამელუკურსაც უწოდებენ. ამავე პერიოდისაა ვოლგისპირეთის ეპიტაფიათა ენა. საუკუნეთა მიღმა დიალექტები სამწერლობო და ოფიციალურ ენებად იქცნენ. ეს ენებია: აზერბაიჯანული, ალთაური, ბალყარული, ბაშკირული, გაგაუზური, დოლგანური, თათრული, თურქმენული, თურქული, იაკუტური, თუვიური, უზბეკური, უიღურული, ურუმული, ყაზახური, ყარაგასული, ყარაიმული, ყარაყალფახური, ყარაჩაული, ყირგიზული, ყუმუხური, შორული, ჩუვაშური, ხაკასური და სხვ. ეს ენები მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს შეიცავენ და ეთნიკური თურქები საკუთარ ლექსიკურ ფონდში არსებული ძირითადი სიტყვების მეშვეობით ერთმანეთთან კომუნიკაციას თავისუფლად ამყარებენ. ქართველების ურთიერთობას თურქულენოვან სამყაროსთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ომებს მშვიდობიანი პერიოდი მოჰყვებოდა, იცვლებოდა კულტურულ-შემეცნებითი ინფორმაცია, რაც ილექებოდა ენობრივ ქსოვილზე და ამდიდრებდა ლექსიკას. ქართველურ სინამდვილეში დადასტურებული თურქული წარმომავლობის ლექსემათა ერთობლიობა – იქნება ეს დიალექტები თუ ქართული სალიტ. ენა კონკრეტულ ისტორიულ ჭრილში, მხოლოდ გვარის ფუძეს შემორჩენილი თუ საუკუნეთა განმავლობაში დესემანტიზებული პირის სახელი, მეთევზეობასა თუ მომთაბარე მეცხოველეობასთან დაკავშირებული ტერმინები, პროფესიათა სახელდება, კერძების სახელწოდებები, ზოოფორული სახელები თუ ფიტონიმები და სხვ. – გულისხმობს არა მხოლოდ ანატოლიელ თურქებთან, აზერბაიჯანელებთან, ყუმუხებთან, ნოღაელებთან, ყარაჩაელებსა და ბალყარებთან, არამედ გადაშენებულ ჰუნებთან თუ პაჭანიკებთან, ხაზარებსა და ყივჩაღებთან სხვადასხვა სახის კონტაქტების შედეგად დამკვიდრებულ სიტყვებს. ესენია: აზმანი, ათაბაბა, ათაბაგი, ალათი, ალაჩოყი, ალღო, ალჩუ, ამაგი, არალუღი, არახჩინი, ართურმა, არტალა, არხი, აშარი, ახალუხი, ბავლი, ბათმანი, ბაირამი, ბაირაღი, ბაიყუში, ბალთა, ბარიშანი, ბასკა, ბასკი, ბასმა, ბასტურმა, ბაქმაზი, ბაყაყი, ბაშლიყი, ბაჯაღლო, ბელგა, ბოზართმა, ბოზბაში, ბორჯი, ბოქაული, ბოღაზი, ბოღმა, ბოხჩა, ბურნუთი, ბურღული, ბუქნა, ბუღა, ბუღი, ბუღლამა, გემი, დამაღი, დამბაჩა, დამბლა, დამღა, დინგი, დინჯი, დოლი, დომბა, დოღი, დოში, დუდუკი, დურაჯი, ელჩი, თექა, თოლმაჯი, თოფი, თოქმაჩი, თოხანი, თოხლი, თრითინა, თუთუნი, თულუხი, თულუხჩი, იალაღი, იალქანი, იარა, იარაღი, იარლიყი, იაღლიში, იერიში, იონჯა, იორღა, კიჩო, კუმკუმა, ოდა, ოთახი, ოთურმა, ოხუნჯი, ოჯახი, ოჯახქორი, ტალღა, ტუსაღი, უთო, ურო, ფაფახი, ფინთი, ქანჩი, ქენდირი, ქეჩა, ქოლგა, ქორფა, ქოფაკი, ქოქი, ყაბალახი, ყაბაყი, ყალანი, ყარაული, ყაურმა, ყაჩაღი, ყიზართმა, ყორღანი, ყოჩაღი, ყოჩი, ყუა, ყუთი, ყუთური, ყულფი, ყუმბარა, ყურუმსაღი, შამანი, შუქი, ჩაკლაკი, ჩაროზი, ჩაქუჩი, ჩახმახი, ჩეფიჩი, ჩიხირთმა, ჩომახი, ჩორთი, ჩოფურა, ჩოხა, ხანგალი, ხაო, ხაშლამა, ხიზილალა და სხვ. ხოლო ანატოლიური თურქულის ჩრდილო-აღმოსავლურსა და აზერბაიჯანულის დიალექტებში ქართულიდან შესულია შემდეგი ლექსემები: აბლაბუდა, ალაგი, ანწლი, არეული, ასკილი, აჭრილი, ახო, ბალბა, ბაჯბაჯი, ბერძენი, ბიბილო, ბორბალი, ბულული, ბუმბული, გოგო, გუდა, გუთანი, გუნდა, დათვი, ეშმაკი, თავადი, თეთრი, თოხი, ისრიმი, კაბა, კიტრი, კოდი, კორდი, ლაფანი, ლაში, მაყარი, მაწონი, მოდგამი, მუშა, მუწუკი, მუჭა, ნისკარტი, პეპელა, პიტნა, სულგუნი, ტიკი, ქალამანი, ქერდიკა, ქოხი, ღიმი, შეჭამადი, ჩალა, ჩანჩურა, ჩეჩილი, ჩიქილა, ჩიჩვირი, ძაბრი, ჭადი, ჭალა, ჭანჭური, ჭიაყელა, ჭინჭარი, ჭიპი, ხერხი, ხორხი, ხრამი და სხვ.ქართველურ ანთროპონიმიაში მოკვლეულია 400-ზე მეტი თურქული წარმომავლობის ერთეული: ადიბეგ, ადიდემურ, ათაბეგა, აიდარ, აივაზა, ალთუნა, აფაქ, აღავერდა, აღჩაუშა, ბაადურ, ბეგა, ბედუკა, ბერდია, ბილანი, ბუდახა, ბუიღლი, გელდია, გოზალა, დანგა, დონდუა, დოღმაზ, დურმიშ, დურსუნ, ელბერდი, ვერმიშა, თათარა, თარხან, თექთურმაზა, თილქი, თოფა, თოფრაკი, თოფჩი, იალღუზი, იარალი, ილდიზი, კომურჯი, კორკმაზი, კურახჩი, ოღლანი, ოღულა, სარუხან, საღირა, სოლაღა, სონღულ, ტოკლიკი, უზბაში, უზუნა, ულუბეგა, ულუხანა, ურქმაზ, ქოროღლი, ქოქია, ქოქრა, ყაია, ყარაგოზ, ყარახან, ყარდაშ, ყაუხჩი, ყიზილა, ყირყიზულ, ყოჩია, ყულიბეგ, შუქია, ჩოლოყა, ხაზარა, ხანუმი, ჯარჯი, ჯიბღა, ჯიღიტა, ჯოლბორდი, ჯურღა და სხვ. თურქიზმების ადაპტაცია საკუთარ სახელებში ხდება მაანთროპონიმებელი -ა სუფიქსით, ხოლო გვართა ფუძეებში – -შვილი, -ძე, -ია, -იანი, -ური და სხვ. საგვაროვნო ფორმანტებით: ქუჩუკა -თურქ. küçük ‘პატარა’ – ქუჩუკაშვილი, შიშმანა -şişman ‘მსუქანი’ – შიშმანაძე, დემურ -თურქ. demür ‘რკინა’ – დემურია, გელბახ -თურქ. gel bak ‘მოდი ნახე’ – გელბახიანი, ბუჩუკ -თურქ. buçuk ‘ნახევარი’ – ბუჩუკური და სხვ. დღეს ქართველთა ონიმიას გვარებში სამუდამოდ დამკვიდრებული თურქული ლექსემების გვერდით პირის სახელთაგან მხოლოდ ელგუჯა, თემური, თენგიზი, ხათუნა, ასლანი და ყაფლანი შერჩა.ლიტ.: აბულაძე ც., სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის სიტყვანის თურქული თარგმანები თბ., 1965; გუდიაშვილი ე., ზოგიერთი ქართველური ლექსიკური ელემენტის შესახებ თურქულ დიალექტებში, «თსუ შრომები», 1967, ტ. 7; გურგენიძე ნ., თურქული ნასესხობები აჭარულსა და გურულ დიალექტებში, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია 1968, #4; მისივე, დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ., 2016; თუშმალიშვილი გ., თურქიზმები იადიგარ დაუდსა და სააქიმო წიგნში თბ., 1999; ლორთქიფანიძე ქ., თურქიზმები კლასიკური პერიოდის ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში, «მაცნე» ენისა და ლიტ. სერია, 1993 #3; რუხაძე ლ., თურქული ნასესხობები ქართულ სალიტერატურო ენაში, თბ., 2013; შაყულაშვილი გ., ეტიუდები ძველი თბილისის ლექსიკიდან თბ., 2006; ჯანგიძე ვ., ქართული ნასესხობები აზერბაიჯანულ ენაში, «თსუ შრომები». აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, ტ. 118, 1967; მისივე, თურქული ლექსიკა იოანე ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო განმარტებით ლექსიკონში, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1986, #4; მისივე, ქართული ლექსიკა თურქული ენის დიალექტებში, იქვე, 1980, #2; მისივე, ქართული ლექსიკური სუბსტრატული ფენის კვლევის მნიშვნელობა აზერბაიჯანული და თურქული ენების ისტორიის შესწავლისათვის, იქვე, 1988, #3; ჯიქია მ., თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიაში, თბ., 2008; ჯიქია ს., აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ისტორიიდან: I. – «ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები», 1960, ტ. 3; II. «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1984, #4; მისივე, О грузинско-азербайджанских языковых взаимоотношениях, «ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები», 1957 ტ. 2; Языки народов СССР. Тюркские языки, под ред. Н. Баскакова, М., 1966; Языки мира. Тюркские языки, под ред. Э. Тенишева, М., 1997; The Turkic Languages. Edited by L. Johanson and E. Csato, L. – N. Y.,
1998. მ. ჯიქია.