თუღანოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახარბეკ საფარის ძე [11. VI. 1880 (ან 1878), სოფ. დურ-დური, ჩრდ. ოსეთი, – 4. VII. 1952, ქ. ორჯონიკიძე (ახლანდ. ვლადიკავკაზი)], ოსი ფერმწერი, გრაფიკოსი, მკვლევარ-ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ჩრდ. ოსეთის სახ. <ბრ />მხატვარი (1946), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1940). 1898 დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1907-იდან – მიუნხენის ა. აჟბეს სტუდიაში. 1930-იდან მოღვაწეობდა საქართველოში (ცხინვალი). იყო თბილისში დაფუძნებული ოსური გაზ. "ნოგ ცარდი" ("ახალი ცხოვრება") ერთ-ერთი დამაარსებელი და აქვე გამოუშვა მისი პირველი ნომრები. 1932–52 იყო საქართვ. მხატვართა კავშირისა (1934–50 – მისი პრეზიდიუმის წევრი) და 1943–52 – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სამხრ. ოსეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი. მხატვრულად გააფორმა ნართული ეპოსი, თქმულება ამირანზე, ოსური ხალხ. ზღაპრები და ა. შ. 1900 შექმნა ილუსტრაცია ("ტარიელის და ჯიქის შერკინება"), რ-იც შესულია "ვეფხისტყაოსნის" ადაპტირებულ რუს. გამოცემაში (სანქტ-პეტერბურგი 1901) მასვე ეკუთვნის კომპოზ. დ. არაყიშვილის პორტრეტი (1937). თ-ის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1935, 1956, 1962). თ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. მოღვაწეობას ოსეთისა და კავკ. ხალხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ნართული ეპოსის, ხალხ. შემოქმედების ისტორიის და სხვ. დარგში. 1947 თ. სამეცნ.-კვლ. საქმიანობაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის დააჯილდოვეს საქართვ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ლიტ.: ურუშაძე ლ., ქართულ-ოსური კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების ისტორიისათვის (მახარბეკ თუღანოვი და საქართველო), თბ., 2009; Хаким М., Махар бек Туганов – народный художник Осетии, Орджоникидзе,
1962. ლ. ურუშაძე.