თუღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრძელ ტარზე წამოცმული ოქროს, ვერცხლის ან მოოქროვილი სპილენძის ბურთულა, რ-საც ზემოდან დამაგრებული ჰქონდა ნახევარმთვარე, ხოლო ქვემოთ, ტარზე – ცხენის ძუის კონები; ოსმალეთში ანიჭებდნენ მაღალი თანამდებობის მოხელეებს ძალაუფლების ნიშნად. კანონით ზუსტად არ იყო დადგენილი თ-თა რაოდენობა, მაგრამ ფადიშაჰს (სულთანს) შვიდ თ-ზე ნაკლები არ შეიძლება ჰქონოდა, დიდ ვეზირს ხუთი თ. ეკუთვნოდა, ვეზირებს სამი თ. ჰქონდათ, ხოლო ფაშებს, ღირსების მიხედვით – ერთი, ორი ან სამი თ. ერთთუღიანი ფაშა, უმეტეს შემთხვევაში მირ-ლივა (სანჯაყბეგი) იყო; ორთუღიანი – მირ-მირანი (ბეგლარბეგი, ვალი); სამთუღიანი – ვეზირი და ვეზირის ხარისხით ვილაიეთის ბეგლარბეგად დანიშნული ფაშა. თ. ეძლეოდათ უვადოდ და მის მფლობელს შესაბამისი ამალაც ეკუთვნოდა. ახალციხის (ჩილდირის) საფაშოს (საბეგლარბეგოს) განაგებდა ორ- და ზოგჯერ სამთუღიანი ფაშა: "ისაყ ფაშას არღარა აქუნდა ვეზირობა სამის თუღითა, გარნა იყო ორთუღიანი პირველისამებრ" (ვახუშტი).ლიტ.: გიგინეიშვილი ო., ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან, თბ., 1982; ევლია ჩელები, მოგზაურობის წიგნი, გ. ფუთურიძის გამოც., ნაკვ. 2 – გამოკვლევა, კომენტარები, თბ., 1973; სვანიძე მ., ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული წყობა და პროვინციული მართვა-გამგეობა XVI ს-ში, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1963. მ. სვანიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თუღი&oldid=11688-დან“