თუშები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფი, რ-იც ცხოვრობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თუშეთში. თ-ის განსახლების ისტ.-ეთნოგრ. რეგიონი მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. მდებარეობს. მთათუშეთში მუდმივი მოსახლ. მარტო ადმ. ცენტრში, სოფ. ომალოში არის შემორჩენილი, სადაც ოჯახების რაოდენობა დაახლ. ორი ათეულია. დანარჩენი სოფლები დაცლილია და მიმდებარე ტერიტორიებითურთ იალაღებადაა გადაქცეული. ისინი მხოლოდ ზაფხულობით ივსება მეცხვარეებით, პირუტყვის გამოსაზაფხულებლად ამოსული ოჯახებით და მოაგარაკეებით. მთიდან ჩასახლებული თ. კომპაქტურად ცხოვრობენ კახეთში, ისტ. ალონის ველზე გაშენებულ ორ დიდ სოფელში: ზემო და ქვემო ალვანში და სოფ. ლალისყურში.ბარში ჩამოსახლებამდე თ. ოთხ ტერიტ. თემად ცხოვრობდნენ: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი. ჰქონდათ საოჯახო, ნათესაური თუ თემობრივი ორგანიზაციის ყველაზე ქვედა რგოლი – პატრიარქალური ოჯახი. ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ, ცხოვრობდნენ ერთი მამის შთამომავალნი თავიანთი ცოლებითა და შვილებით, ზოგჯერ ორი-სამი თაობა. შემდეგი რგოლი იყო საგვარეულო, რ-შიც შედიოდნენ ერთი საერთო წინაპრისაგან მომდინარე ოჯახები. აქვე ერთიანდებოდნენ მიგრირებული და საგვარეულოსთან გარკვეული საწესჩვეულებო რიტუალით შეძმავებული ("ხარით შეყრილი") ოჯახები. საგვარეულოში შემავალ ოჯახებში ნათესაობის ორი ფორმა არსებობდა: 1. ერთ ცეცხლით გაყრილნი – საერთო წინაპრის შთამომავალნი და 2. ხარით შეყრილნი – სხვადასხვა წინაპრისაგან მომდინარე შემდეგ შეძმავებული ოჯახები. ნათესავთა ამ ურთიერთობას გვარბიძაშვილობა ეწოდებოდა. გვარბიძაშვილობას ჰქონდა საერთო საგვარეულო სახნავ-სათიბი მიწები და საგვარეულო სალოცავი. საგვარეულოები ერთიანდებოდნენ ერთ სოფლად. სოფელი შედგებოდა ერთი ან მეტი საგვარეულოსაგან. მათ ჰქონდათ საერთო სამოსახლო ადგილი, მსხვილფეხა პირუტყვის საძოვარი და სასოფლო საკულტო სალოცავი – ჯვარი. დამოკიდებულების ეს ფორმა იწოდება სოფელ-მეზობლობად ან ჯვარ-ჯვრის ყმობად. ორგანიზაციის შემდეგი საფეხურია კოდ-მეკოდეობა – ორი მეზობელი სასოფლო-სამეზობლოს ან საჯვარის ყმის კავშირი, რ-იც გამოიხატებოდა ურთიერთმოკეთეობით და ჭირ-ლხინის დროს თანადგომით. მათ ზიარი საკუთრება და სალოცავი არ ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული იყვნენ პატივი ეცათ ერთიმეორის სალოცავებისათვის და დასწრებოდნენ მათ დღეობებს. იყო კიდევ ტერიტ. საზოგადოებები. მათ არ ჰქონდათ ზიარი საკუთრება და საერთო სალოცავები, მაგრამ აერთიანებდათ მათში შემავალი სოფლებისა და საჯვარყმოების მხოლოდ მეზობლური კავშირები. შემდეგი საფეხური იყო თემი, რ-საც ჰქონდა საერთო საზაფხულო საძოვრები და საერთო სალოცავები. ყველაზე მაღალი საფეხური იყო ტომი. ტომს ჰქონდა საერთო სატომო საკუთრების საზამთრო საძოვრები და საერთო-სათუშო ლაშარის ჯვრის (წმ. გიორგის) სალოცავი.თ-ის საერთო საჭირბოროტო საკითხებს წყვეტდა თემებისა და სოფლების წარმომადგენელთა ყრილობა – "სათუშო შეყრა", ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს კი აგვარებდნენ სოფლისა და თემის "უფროსი კაცები".თ-ის სარწმუნოება შერეულია – ქრისტ. და წარმართული რელიგიების ნარევია. თ. ქრისტიანები არიან, მაგრამ მათი საკულტო სალოცავები და ამ სალოცავებში აღსრულებული კულტმსახურების ფორმები წარმართულია ქრისტ. მინარევებით. გომეწრის, ჩაღმისა და პირიქითის თემის თ. ლაპარაკობენ ქართ. ენის თუშურ დიალექტზე. წოვები კი ორენოვანი არიან. მათი საოჯახო სალაპარაკო ენა ბაცბური იყო გარეთ კი ქართ. ენის კახური დიალექტის მსგავს კილოზე მეტყველებენ. მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ცხვარი თუშეთში ოდითგანვე მომთაბარეობდა – ზაფხულს თუშეთის ალპურ საძოვრებზე ატარებდა, ზამთარს – კახეთის ველებზე.თუშეთის მოსახლეობის მიგრაცია ბარში XIX ს. შუა წლებიდან დაიწყო. ამ დროიდან გაჩნდა თ-ის დასახლებები ალვანის ველზე. სამიწათმოქმედო მეურნეობას ეწევიან ბარშიც და მთაშიც. წარმოიქმნა მხოლოდ თუშეთისათვის დამახასიათებელი ორგანბინადარი მოსახლეობა. გაჩნდა სათანადო ტერმინებიც: "კახურაები" – საზამთროდ კახეთში ჩამოსული მოსახლეობა, და "თუშურაები" – ზამთარ-ზაფხულ მთაში მცხოვრებნი. XX ს. 50-იან წლებში, მთავრობის დადგენილებით საქართვ. მთიანეთის მოსახლეობა ძალით ჩამოასახლეს ბარში. თუშეთი პირუტყვის საზაფხულო საძოვრად გამოცხადდა. 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ზრუნვა თუშეთის აღორძინებისათვის (იხ. აგრეთვე ქართველები).ლიტ.: მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933; ცოცანიძე გ., "თუშეთი" და "თუშები" – საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993.გ. ცოცანიძე.