თუშეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს თუშეთისა და პირიქითის ალაზნის ხეობებს (მდ. ანდის ყოისუს სათავეებს ახმეტის მუნიციპალიტეტი). შედგება 4 ისტ. თემისაგან: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი თ. (ადრინდ. ფარსმანის თუშეთი). IV ს-ში თ. გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი წარმართი მთიელების თავშესაფარი იყო. V ს-იდან აღმოსავლურ-ქართ. სახელმწ. შემადგენელი ნაწილი გახდა. VIII ს-ში თ. ღუნძეთთან და წუქეთთან ერთად ქმნიდა ერთ ადმ. ერთეულს. კახეთის ძვ. სამეფოს არსებობის დროს (VIII–XI სს.) პანკისის საერისთავოში შედიოდა, შემდგომში – კახეთის საერისთავოში. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ, XVI–XVIII სს-ში, თ-ის სამოურავო კახეთის სამეფოს ფარგლებში მოექცა. თ-ის უმაღლესი სას. ხელისუფალი ალავერდის ეპისკოპოსი იყო. XVII ს. II ნახევარში თ. წარმოადგენდა მეფე ერეკლე I-ის საყრდენს ტახტისათვის ბრძოლაში. XIX ს. დამდეგიდან დაიწყო თუშების ჩასახლების პროცესი კახეთში, ალვანის ველზე, სადაც უძველესი დროიდან მათი საზამთრო საძოვრები იყო.წყარო: ვახუშტი აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.ლიტ.: ბოჭორიძე გ., თუშეთი, თბ., 1993; მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933. დ. მუსხელიშვილი.