თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მონაკვეთი დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდ. კალთაზე და მოიცავს მდ-ების ანდის ყოისუს არღუნისა და ასის ზემო დინებათა აუზებს. სამხრ. საზღვარი გასდევს მთავარი ქედის თხემს მწვ. შავ კლდეს და უღელტ. არხოტისთავისღელეს შორის; დას. – კიდეგანის ქედს, აღმ. – შავგალავნის ქედსა და ანდის ყოისუს მარჯვ. შენაკადების წყალგამყოფს ჩრდ. – პირიქითის ქედის თხემს მწვ. დიკლოსმთიდან მწვ. თებულოსმთამდე, შემდეგ კვეთს მდ. არღუნის ხეობას და ადის ხევსურეთის ქედზე, მწვ. თბილწყალმაღლის ჩრდ-ით, აქედან კი კვეთს ასის ხეობას და აღწევს კიდეგანის ქედამდე.თ.-ხ. კ. აგებულია ქვედა- და შუაიურული ასაკის თიხაფიქლოვანი წყებებით, რ-იც აჩენს ძლიერ შეკუმშულ, ზოგან დიაბაზებით გარღვეულ ნაოჭების სისტემას. გვხვდება აგრეთვე მორენული და ალუვიური ნაფენები. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: მთავარი წყალგამყოფი ქედი (მწვერვალები: არხოტისთავი, დიდი ბორბალო, ბულანჩოსწვერი და სხვ.), რ-ის უღელტეხილები <ბრ />ზ. დ. 3300 მ-ზე დაბლა მდებარეობს (არხოტისთავისღელე, აბანო და სხვ.); მარადთოვლიან-მყინვარებიანი კიდეგანის, ხევსურეთისა და პირიქითის ქედები მრავალი განშტოებებით; თუშეთის ქვაბული და მდინარეთა ხეობები. თ.-ხ. კ-ის მთა-ხეობათა რელიეფის მორფოლ. ხასიათი ჩამოყალიბებულია ეროზიის მოქმედებით თხემურ ზოლში შექმნილია რელიეფის გლაციალური ფორმები. თ.-ხ. კ. მდებარეობს ზომიერი ნოტიო ჰავის ოლქში და ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა – დაწყებული ცივზამთრიანი და ხანგრძლივ გრილზაფხულიანი ჰავიდან (დაბალ მთებში) დამთავრებული მაღალმთის მუდმივთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით (ქედების თხემებზე). იანვ. საშ. ტემპ-რა –5-იდან –10°C-მდეა, ივლ. 12–16°C. წელიწადში 600-იდან 1500 მმ-მდე ნალექი მოდის. ხეობებსა და ქვაბულებში ჰავა შედარებით მშრალი, კონტინენტურია. თ.-ხ. კ-ის მთავარი მდინარეები: ანდის ყოისუ (სათავეებით თუშეთის ალაზნითა და პირიქითის ალაზნით), ასა (სათავეში არხოტისწყალი), არღუნი (შენაკად ანდაქით) კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნებიან და საზრდოობენ წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა – ზამთარში. თავისებურია თ.-ხ. კ-ის ნიადაგ-მცენარეულობა: ქვედა ზონაში მცირე და საშ. სისქის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე ზ. დ. 2300–2500 მ-მდე, გავრცელებულია არყნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი. 2500–2700 მ ზემოთ, მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე – სუბალპ. მდელოები და ბუჩქნარები, ხოლო უფრო ზემოთ, 3300–3500 მ-მდე, მთის მდელოს მცირე სისქის კორდიან ნიადაგებზე ალპ. მდელოებია.ლიტ.: კურდღელაიძე გ., თუშეთი, თბ., 1983. დ. უკლება.