თუშური ქუდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამაკაცის ნაბდის თავსაბურავი. გავრცელებულია აღმ. საქართველოში (კოკორა ქუდის სახელით ნაწილობრივ იმერეთსა და რაჭაშიც გვხვდება). საგანგებოდ შეთელილი შავი ნაბდისაგან მზადდებოდა აჭრილი ან შედგენილი თარგის მიხედვით. ნაბდის ნაჭერს (შოლტა) სიგანეზე ოთხ თანაბარ ნაწილად გადაკეცავდნენ, დაკეცილს ორივე მხრიდან ირიბად ჩაჭრიდნენ, ნაწიბურებს ამოკერავდნენ და ნაკერზე შავ ყაითანს მოაყოლებდნენ. შეკერილ ჩაჩას კალაპოტზე ჩამოაცვამდნენ და ნაპირებს სამმაგად გადაუკეცავდნენ. ქუდის ცაზე დაკერებული ყაითნის ჯვარედინად გადაკვეთის წერტილზე ყაითანმოვლებულ ნაბდისავე ღილს დააკერებდნენ. ძველად ქართველი მეომრები ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქნის ქვეშ თავზე თ. ქ-ს იხურავდნენ. თ. ქ-ებს ოჯახში დიასახლისები ამზადებდნენ, სახელოსნოებში კი – ხელოსნები. ასეთი სახელოსნოები იყო თელავში ახმეტაში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, თბილისში და სხვ. ახლა თ. ქ-ებს თელავში უმთავრესად ფაბრიკული ქეჩისაგან ამზადებენ.ლიტ.: ჩაჩაშვილი გ., ქართლელი გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19А და 21 B; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3–4, თბ., 1962. ლ. მოლოდინი.