თუშური ცხენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი. გამოყვანილია აღმ. საქართველოს მთაგორიანი ზონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში მრავალწლიანი ხალხ. სელექციის გზით. ენდემური, ადგილობრივი ჯიშია. ტანად პატარა, მკვრივი აგებულების, ფერით უმთავრესად ქურანაა. ფაშატის საშ. განაზომია (სმ-ობით): სიმაღლე მინდაოში 134, ტანის ირიბი სიგრძე 137, გულმკერდის ირგვლივი 156, ნების ირგვლივი 16,9. თ. ც. გამოირჩევა სიმარდით, მოქნილობით, გამძლეობით, საკვებისადმი ნაკლები მომთხოვნელობით და მაღალი ნაყოფიერებით. ცხენების ჯიშების კლასიფიკაციის მიხედვით, იგი მიეკუთვნება სამომშენებლო ჯიშს. თ. ც-ს იყენებდნენ ორთვლიან საზიდრებში, მომთაბარე მეცხოველეობაში და სამხ. დანიშნულებისთვის. თ. ც. მთაში საჯდომ-სასაპალნე მუშაობისათვის უბადლოა. მისი რეპროდუქტორი იყო ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის თ. ც-ის სანაშენე ფერმა. დ. კობალავა.