თუშური ცხვარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახევრად დუმიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია აღმ. საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში მრავალწლიანი ხალხ. სელექციით (XIII–XIV სს.) ძვ. ქართ. ცხვრების შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშებთან. თ. ც. საქართვ. უძველესი აბორიგენული ჯიშია. იგი კომბინირებული-მეხორცეულ-სამატყლე-მერძეული მიმართულებისაა. ამტანია, გამძლეა, ნაკლებმომთხოვნია საკვებზე, რომლის უდიდეს ნაწილსაც (80%-ზე მეტს) ბუნებრივ პირობებში მოიპოვებს.თ. ც. კომპაქტურია, მაგარი კონსტიტუციისაა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას, კარგად იყენებს მწირ საძოვრებს. კვების გაუმჯობესებით მკვეთრად მატულობს მისი მეხორცული და სამატყლე პროდუქტიულობა. თ. ც. ნაკლებნაყოფიერია, აქვს მაღალი ხარისხის ხორცი და თეთრი, დრეკადი, ელასტიკური, მბზინავი მატყლი, რისგანაც ქსოვენ უმაღლესი ხარისხის ხალიჩებს. თ. ც-ის ცოცხალი მასაა: ერკემლისა – 56–60 კგ მაქს. 90 კგ-მდე; ნერბისა – 41–42 კგ მაქს. 60 კგ. წელიწადში ორჯერ პარსავენ. ერკემლის ნაპარსია 3–4 კგ მაქს. 6,5 კგ-მდე; ნერბისა – 2,5–3 კგ მაქს. 5,5 კგ-მდე. მატყლის კულულის სიგრძეა 11–17 სმ მაქს. 31 სმ.90-იანი წლებამდე კახეთში ფუნქციონირებდა თ. ც-ის ჯიშსაშენი და სანაშენე ფერმები.მ. რჩეულიშვილი.