თქმულება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი, უპირატესად რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე. ზოგჯერ შეთხზული ამბავიც უდევს საფუძვლად. გვხვდება როგორც პროზაული, ისე ლექსის სახით. პროზაული თ. გადმოცემასა და ლეგენდას უახლოვდება. ქართ. ფოლკლორში თ-ების დიდი ნაწილი საისტ. ხასიათისაა და ეძღვნება ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, შოთა რუსთაველს, ერეკლე მეორეს, სოლომონ პირველს, სამას არაგველს, ბახტრიონის ციხის აღებას და სხვ. გვხვდება სოციალური (მაია წყნეთელის, თამრო ვაშლოვნელის, უშგულელების), ეტიოლოგიური (ბაზალეთის ტბის წარმოშობის, ბუსა და ოფოფის გაჩენის) და სხვ. ხასიათის თ-ებიც. ეპიკური ციკლის თ-ებში ("ამირანიანი", "როსტომიანი", "ტარიელიანი", "ეთერიანი" და სხვ.) ხშირია პროზისა და ლექსის მონაცვლეობა. თ. გვხვდება თანამედროვე ფოლკლორშიც.გამოც.: [წიგნში] ხალხური სიბრძნე [ტ.] 3, თბ., 1964; Грузинские народные предания и легенды. Сост. Е.Б. Вирсаладзе М.,1973.ლიტ.: სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956. ქ. სიხარულიძე.