თხა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Capra hircus), წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველი ძროხისებრთა (Bovidae) ოჯახისა. შინაური თ-ის წინაპარია გარეული თ-ის ორი სახეობა – ნიამორი და რქახრახნილი თ., აგრეთვე ამომწყდარი სახეობა – C. prisca. თ. მოშინაურებულია დაახლ. 8500 წლის წინათ. გვარში (Capra) გაერთიანებულია 8 ქვესახეობა. თ. ადვილად ეგუება სხვადასხვა გარემო პირობებს, რის გამოც მოშენებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ბუნებრივ-ეკოლ. ზონაში. დას. საქართველოში გავრცელებულია მეგრული თ., აღმ. საქართველოში – გაუმჯობესებული ნაჯვარი თ. იგი გამოიყენება რძის, ხორცის, ბეწვის (მატყლის), თივთიკისა და ტყავის მისაღებად. ცოცხლობს 9–10, მაქსიმუმ 17 წელს; სამეურნეო გამოყენების საშ. ვადაა 7–8 წელი. სქესობრივად მწიფდება 5–9 თვის ასაკში, დასაგრილებლად 14–18 თვისას უშვებენ. მაკეობა დაახლ. 5 თვეს გრძელდება. თ. იგებს 1–2, იშვიათად 3 თიკანს. ზრდასრული მამალი თ-ის (ბოტის) საშ. ცოცხალი მასაა 60–65 კგ მაქს. – დაახლ. 100 კგ დედალი თ-ისა (ნეზვის), შესაბამისად – 40–60 კგ-მდე. ლაქტაციის ხანგრძლივობა 180–320 დღეა. პროდუქტიულობის მიხედვით განასხვავებენ სარძეო, სამატყლე, სათივთიკე და კომბინირებული მიმართულების ჯიშებს. სარძეო ჯიშის დედალი თ. წელიწადში 400–700 კგ რძეს იწველის, რეკორდული მონაწველი 3507 კგ-მდეა. რძის ცხიმიანობაა 3,5–5,0%. სამატყლე ჯიშის თ-ის მატყლს ერთგვაროვანი ბოჭკოები აქვს. მამალი თ-ის ნაპარსია 4–5 კგ დედლის – 3–5 კგ. სათივთიკე ჯიშებიდან წელიწადში საშ. იღებენ 0,2–0,5 კგ თივთიკს, მაქს. – 2 კგ-მდე. 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია 300-მდე ჯიშის თ. მათი სულადობა მსოფლიოში აღემატება 1 მილიარდს, ხოლო საქართველოში აღრიცხულია 498 ათ. სული (2015). მსოფლიოში აწარმოებენ 18 მლნ-მდე ტ რძეს და 5 მლნ-ზე მეტ ტ ხორცს (2013). გ. გოგოლი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თხა&oldid=11711-დან“