თხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Corylus), წიფლისებრ-ყვავილოვანთა რაზმის, არყისებრთა ოჯახისა და თხილის გვარის ფოთოლმცვივანი ბუჩქი, იშვიათად ხისმაგვარი. თანამედროვე კლასიფიკაციით, თ. გამოყოფილია ცალკე თხილისებრთა (Corylaceae) ოჯახად. ერთ-ერთი უძველესი კაკლოვანი სუბტროპ. კულტურაა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია მისი ნაჭუჭი, რ-იც ქვის ხანას მიეკუთვნება. თხილის წარმოშობის კერად აღიარებულია შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპირო, კავკასია და მცირე აზია. პონტოდან და მისი მოსაზღვრე რ-ნებიდან თ-ის კულტურა იტალიის დაპყრობის შემდეგ გაიტანეს ბერძნებმა და გაავრცელეს თავიანთ კოლონიებში (ქ. აველანას მიდამოებში), საიდანაც დაედო საფუძველი თ-ის გავრცელებას ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე. გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდ. ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში ზ. დ. 1500–1800 მ-მდე. ჯერ კიდევ VI ს-ში შეინიშნებოდა თ-ის ველური სახეობების გაკულტურების შემთხვევები. მათი ბუნებრივი ჰიბრიდიზაციისა და შერჩევის შედეგად წარმოიშვა გარემო პირობებს შეგუებული მაღალმოსავლიანი ჯიშები და ფორმები. თ-ის ბუჩქი შედგება 4–6 დედა ტოტისაგან, ფოთლები ოვალური ფორმისაა, ორმაგად დაკბილული კიდით. ყვავილობს ზამთრის პერიოდში ადრე გაზაფხულამდე. მტვრიანებიანი (მამრობითი) ყვავილები უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილები კი კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი თანაყვავილედი, რ-იც ნაყოფის მომწიფებისას სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს (ბუდეს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია. მწიფდება ივლისის II ნახ-იდან სექტემბრამდე. მოსავალი ერთი ბუჩქიდან (ხიდან) ჯიშების მიხედვით სრული მსხმოიარობის პერიოდში მერყეობს 7–10 კგ-მდე. მრავლდება თესლით, ბუჩქის დაყოფით, ფესვის ამონაყრით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით. თ-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 180–200 წელია, თითოეული დედა ტოტი კი 70–80 წელს ცოცხლობს. ის სითბოს, სინათლისა და ტენისმოყვარული, ყინვა- და გვალვაგამძლე, ჩრდილის ამტანი მცენარეა; ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, განსაკუთრებით მაღალ მოსავალს იძლევა ორგ. ნივთიერებებითა და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე. თ. დეკორ. და ანტიეროზიული მცენარეა. ნიადაგის ზედა ფენებში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემა ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან. თ-ს მავნებლებიდან ყველაზე მეტად აზიანებს თ-ის ცხვირგრძელა (Curculio nucum), შავი ხარაბუზა (Oberea linearis), თ-ის კვირტის ტკიპა (Phytoptus avellanae) და ამერ. თეთრი პეპელა (Hyphantria Cunea), ბუგრები, ამბროზიის ხოჭო, მზომელები, ჩრჩილები და სხვ. დაავადებებიდან გავრცელებულია თ-ის ნაცარი (Phyllactinia corylae), თ-ის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე. საქართველოში თ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო კულტურაა. ზ. დ. 2200-მდე ბუნებრივად იზრდება მისი 6 სახეობა: ჩვეულებრივი თ. (C. avellana) და პონტოური თ. (C. pontica) რ-ებიც გავრცელებულია მთელ საქართველოში, გვხვდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვანნარევ ტყეებში; დათვისთხილა იმერული თ. (C. imeretina), კოლხური თხილი (C. colchica) და კახური თ. (C. cachetica) საქართვ. ენდემებია. თ-ის სამრეწვ. ბაღები გვხვდება აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში აფხაზეთსა და კახეთის რეგიონში. ბაღებში ძირითადად ენდემური, სამრეწველოდ დარაიონებული ჯიშებია გავრცელებული, კერძოდ, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, შველისყურა, დედოფლის თითი, ნემსა, ჩხიკვისთავა, ჩია, საივანობო და სხვ. საქართველოში გავრცელებულია დაახლოებით 47 ჯიშის და ფორმის თ. ქართ. თ-ის განსაკუთრებული გემური და ხარისხობრივი მაჩვენებლები განპირობებულია ჯიშების ბიოლ. თავისებურებებით და ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობებით. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად საქართველოში საშობაო "ჩიჩილაკი" თ-ის ტოტისგან მზადდება, ხოლო თ-ისგან დამზადებული ქართ. ჩურჩხელა – "ჯანჯუხა" საუკეთესო გემური თვისებებით გამოირჩევა. ნ. მიროტაძე.