თხილიანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ფშავის არაგვის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1260 მ დუშეთიდან 58 კმ. 53 მცხ. (2014).თხილის წარმოება, კვების მრეწველობის ერთ-ერთი დარგი. თხილს კაკლოვან კულტურებს შორის სამეურნეო მნიშვნელობით ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. თხილის გულის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი, მათ მაღალ კვებით ღირებულებას განაპირობებს ნაყოფში ცხიმების (60–70%), ცილების (15–16%), შაქრებისა და ვიტამინების (B1 B 2 B 6 C, E) მაღალი შემცველობა. კალორიულობით თხილის გული ხორბალს აჭარბებს 2–3-ჯერ, ხორცს – 3–4-ჯერ, რძეს – 8–9-ჯერ, კარტოფილს – 11,8-ჯერ. თხილის ნაყოფი მოიხმარება როგორც ნედლი და მოხალული, ასევე გადამუშავებული სახითაც. 400 გ თხილის მიღება უზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის დღე-ღამური კალორიების მოთხოვნილებას საკვებზე. თხილი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, განსაკუთრებით – საკონდიტრო წარმოებაში (კანფეტების, შოკოლადების, ჰალვის, გოზინაყის, ჩურჩხელისა და სხვ. დასამზადებლად). თავისი გემური და მაღალკალორიული მახასიათებლებით მეტად ფასეულია თხილის ზეთი, რ-საც იყენებენ კვების მრეწველობაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში, ფერწერასა და ლაქ-საღებავების წარმოებაში. თხილის მერქანი საუკეთესო მასალაა ავეჯის დასამზადებლად, ახალგაზრდა მერქნისგან წნავენ კალათებს, აკეთებენ ღობეებს, კასრის სალტეებს. ქერქი, ფოთლები, ნაყოფის საბურველი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით და გამოიყენება ტყავის დასამუშავებლად. მისი ნაყოფი მაღალი შენახვისუნარიანობით და ტრანსპორტაბელურობით გამოირჩევა.მსოფლიოში თხილის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია: თურქეთი, იტალია, აზერბაიჯანი, ესპანეთი, აშშ, ირანი, ჩინეთი, საქართველო, საბერძნეთი, საფრანგეთი. ამათგან ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და შესაბამისად ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია. მის წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული თხილის 70%, ხოლო ექსპორტირებულის – 80%. მეორე ადგილზეა იტალია, რ-იც აწარმოებს თხილის მსოფლიო წარმოების 16%-ს და ახორციელებს ექსპორტის 12%-ს. უმსხილესი თხილის იმპორტიორი ქვეყანაა გერმანია, მისი წილი მსოფლიო იმპორტში დაახლოებით 36%-ია. საყურადღებოა, რომ თხილის მსოფლიო იმპორტის 75% ევროპის სახელმწიფოებზე მოდის. თხილის გამოყენება კვების მრეწველობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალია შვეიცარიაში, სადაც წლიურად მოსახლეობის ერთ სულზე 2,096 კგ თხილი მოიხმარება. მას შემდეგი თანმიმდევრობით მიჰყვება ავსტრია, ბელგია, გერმანია და ლუქსემბურგი; ხოლო თხილის მწარმოებელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მოხმარებით მოსახლეობის ერთ სულზე გამოირჩევა იტალია (0,52 კგ), საბერძნეთი (0,37 კგ) და თურქეთი (0,25 კგ). საქართველოში თხილის წარმოებას მეტ-ნაკლებად სერიოზული ეკონ. მნიშვნელობა ჰქონდა და მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. ოქტომბრის რევოლუციამდე ქვეყნიდან დიდი რაოდენობის თხილი გადიოდა, თუმცა საბჭ. პერიოდში თხილის პლანტაციის ფართობი 8–10-ჯერ შემცირდა (იმ პერიოდში ჩაის, ციტრუსების, დაფნისა და ტუნგის კულტურების უპირატესი განვითარების გამო, რ-თა პროდუქციაზე საკავშირო ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო) შესაბამისად შემცირდა თხილის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობები. ეკონ. ეს დარგი ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა.თხილის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის განსაკუთრებით პოპულარული XX ს. ბოლო ათწლეულში გახდა. ამას ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფორმირებამ და ლიბერალიზაციამ ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი თხილის მიმართ მსოფლიო ბაზრის ინტერესის ზრდამ და კლიმატურ-ნიადაგურმა პირობებმა, რ-ც უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილის წარმოებას. სურსათისა და აგროკულტურების საერთაშ. ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2010 წლისათვის საქართველო ჩინეთთან ერთად მსოფლიოში თხილის ფართობების რაოდენობით (8000 ჰა) მე-7–მე-8 ადგილს ინაწილებს ირანის (11000 ჰა) შემდეგ. საქართველოში თხილის კულტურა სამრეწველო მნიშვნელობით გავრცელებულია სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში, სადაც ნარგაობა წარმოდგენილია ფერმერულ და ოჯახურ მეურნეობებში როგორც მცირე ფართობებზე, ასევე ფართო მასივების სახით. ამჟამად საქართველოზე მოდის მსოფლიოში წარმოებული თხილის 2%, ხოლო ექსპორტირებულის – 3%-მდე. ცხადია, ამ მონაცემებით საქართველო თხილის მსოფლიო ბაზარზე სერიოზულ კონკურენტად არ იქნებოდა აღიარებული, რომ არა ქართული თხილის განსაკუთრებული გემური და ხარისხობრივი მახასიათებლები. ქართული თხილი წარმატებით ექსპორტირდება ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. აზიის ქვეყნებში (ერაყი, ავღანეთი, ირანი და ჩინეთი) ძირითადად ნაჭუჭიანი თხილი გადის, ხოლო დარჩეული და დაკალიბრებული თხილის ძირითადი ბაზარი ევროპაა, საიდანაც ყველაზე დიდი მოთხოვნა გერმანიაზე მოდის. ქვეყანაში წარმოებული თხილის დაახლოებით 5% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, რ-ის მნიშვნელოვან ნაწილს იყენებენ საკონდიტრო საწარმოები. თხილის მწარმოებელთა კავშირის მონაცემებით, 2012 წელს საქართველომ თხილის საექსპორტო ათეულში მეშვიდედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, სულ ექსპორტზე გავიდა 15 მლნ. დოლარის თხილი, რამაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 9% შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა ქართული თხილის მიმართ მსოფლიო ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ, გარდა ამისა ბოლო წლებში მისი პლანტაციების ინტენსიურად გაშენებამ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიების მიერ და შესაბამისად მოსავლის ზრდა. თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი სამრეწველო გადამუშავებისთვისაა გათვალისწინებული. საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის გადამუშავება ხდება საქართველოს თხილის ქ-ნებში. ამჟამად ქვეყანაში 100-ზე მეტი საწარმო ფუნქციონირებს, მ. შ. ზუგდიდში – 22 დიდი და 70 პატარა ქ-ნა, სენაკში – 7, ოზურგეთში – 3, ქუთაისში – 1, სამტრედიაში – 1, თბილისში – 5. საქართველოში თხილის ბაზრის სტრუქტურა, ძირითადად სამი რგოლისგან შედგება: თხილის მწარმოებლები (ფერმერები), თხილის გადამმუშავებელ ქ-ნებსა და ფერმერებს შორის. ყველა რეგიონში ფუნქციონირებს თხილის შემსყიდველი პუნქტები.თხილზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება, რაც დიდ სტიმულს აძლევს თხილის მწარმოებლებს. მისი ფასი საერთაშ. ბაზარზე 5–7 დოლარს შეადგენს. ამასთან, ეს ფასი მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც თხილის წარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს ქმნის. ლიტ.: ბაღდაძე ა., თხილის წარმოების მნიშვნელობა საქართველოში, ჟურნ. «პროაგრო» 2013, #1; ლასარეიშვილი ლ., თხილის კულტურის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, თბ., 1995; მიროტაძე ნ., მიროტაძე გ. და სხვ., თხილი, თბ., 2016. ა. ბაღდაძე.