თხინვალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თხინვალა, სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ვაკის რ-ნი). 2007-მდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლისის ქედზე, ლისის ტბის დას-ით. ზ. დ. 720 მ. თ. თხილოვნას სახელით წერილობით წყაროებში პირველად დამოწმებულია ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მიერ ჯავახიშვილებისათვის 1466 გაცემულ წყალობის სიგელში. კონსტანტინე II ზაქარია, კახა და ზაზა ჯავახიშვილებს უბოძებს ადრე გაბაშვილთა სამკვიდრო მამულებს – "ცხირეთის გუერდს" ხანდაკს და ქალაქის (თბილისის) პირთა სოფელ თხილოვნას რ-იც ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ქართლის სოფლების ჩამოთვლისას ტფილისის მხარის სოფლების სიაში აქვს შეტანილი და იხსენიება როგორც თხილოვანა, თხილოვნა, თხინვალა. თ. ნახსენებია "დასტურლამალშიც". გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.-ტერ. დაყოფით თ. ქართლის სამეფოს მეოთხე (მემარცხენე) სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. XIX ს. რუს. ადმ.-ტერ. დაყოფით უკვე თ-ის სახელწოდებით თბილ. გუბერნიის თბილ. მაზრის თბილ. საპოლიციო უბნის დიღმის სასოფლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. სოფლის დას-ით შემორჩენილია XVII–XVIII სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი – გაბაშვილთა ნასახლარი. მასში შედის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესიები და სასახლე. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. წმ. გიორგის ეკლესია აღმართულია გზის პირას, გორაკზე. ნაგებია კაშკაშა ვარდისფერი აგურით. ქვისაა მხოლოდ ლავგარდანი და კედლებში ჩაყოლებული ცალკეული ჩანართები – ქვაზე ამოკვეთილი მზის საათი და გოლგოთის რელიეფური ჯვარი აღმ. ფასადის ზემო ნაწილში. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს აფსიდებიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა. გადახურულია კამარით. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვის მაღალი კანკელით, ინტერიერი შელესილია, ეკლესია მოგვიანებით გაუმაგრებიათ მეორე (გარეთა) კედლის შემოშენებით. გარედან სრულიად მარტივია, შიგნითა დამუშავება კი (კედლის ღრმა ნიშების მწკრივი, ამოკაწრული დეკორატიული სახეები) გვიანდ. ფეოდ. ხანის ქართ. საერო ხუროთმოძღვრების გავლენას მოწმობს. ეკლესიის აღმ-ით ფეოდალის (გაბაშვილების) ორსართულიანი სასახლის ნაშთია. იგი XX ს. 20-იან წლებამდე შედარებით უკეთ იყო დაცული. ახლა თითქმის მთლიანად დანგრეულია. ეს იყო გეგმით მართკუთხა, თითო ისრული კამარით გადახურული, აგურით ნაგები შენობა, დარბაზით ყოველ სართულზე. სასახლეში, რ-იც XVIII ს. შუა წლებს უნდა მიეკუთვნებოდეს, შერწყმული იყო საცხოვრ. სახლისა და გამაგრებული კოშკის ფუნქციები, რასაც ადასტურებს სამი ნახევარწრიული ბურჯით გამაგრებული აღმ. კედელი. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 414, ან 2.ს. 48; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. ლიტ.: Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960. ზ. ცინცაძე.