თხოთის მთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რეხულისა და ქსნის ხეობებს შორის. კვერნაქების ერთ-ერთი მონაკვეთი. სიმაღლე ზ. დ. 845 მ-მდე. ერთმანეთისაგან ყოფს მუხრანის ველსა და მტკვრისპირა ველს – აშურიანს. თ. მ-ზე მდებარეობდა კასპისკენ გადასასვლელი. "მოქცევაQ ქართლისაQს" და ლეონტი მროველის თხზულების მიხედვით, IV ს. 30-იან წლებში, მცხეთაში წმ. ნინოს მისიონერული მოღვაწეობის დროს, მეფე მირიანი მუხრანისკენ წავიდა სანადიროდ. ნადირობისას მეფემ გადაწყვიტა ქრისტიანთა ამოწყვეტა. თხოთის მთაზე ასულს მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გაიგნო. მირიანმა თავდაპირველად თავის ღმერთებს მიმართა, შველა რომ ვერ მიიღო, ნინოს ღმერთს შეევედრა ხსნას. მართლაც, მაშინვე განათდა და მეფემ იწამა ქრისტეს ძალა. მეორე დღესვე მირიანმა და ნინომ შეუთვალეს თხოვნა კეისარს, მოსანათლავად მღვდლები გამოეგზავნა. მცხეთელთა მონათვლის შემდეგ, ღვთიური მითითებით, წმინდა ნაძვის ხისაგან გამოთლილი სამი ჯვარი აღმართეს თ. მ-ზე, ქალაქ უჯარმასა და იმ ბორცვზე, სადაც ახლა ჯვრის მონასტერია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, "თხოთის მთასა ზედა მოიქცა მეფე მირიან ქრისტიანედ. აწ არს მუნ ნიში ჯუარისა, რომელი აღმართა წმიდამან ნინომ, სუეტისაგან გამოკუეთილი".თ. მ-ზე დღეს დგას VII–VIII სს. ჯვრის ფორმის წმ. ნინოს ეკლესია (იხ. სტ. აღაიანის არქეოლოგიური ძეგლები).წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბ., 1964. ჯ. გვასალია.