ია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Viola), მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია, ზოგჯერ – ნახევრად ბუჩქები. აქვთ მორიგეობით გაწყობილი ან ფესვთან როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წაზრდილია დეზად, რ-შიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამური ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიის ენდემია, ორი კი [სწორრქიანი ი. (Viola orthoceras) და სოსნოვსკის ი. (Viola sosnowskyi)] – საქართველოსი. საქართველოში ი. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი (Viola alba) სარეველაც არის. ი. დეკორ. მცენარეა (იაჟუჟუნა – Viola tricolor და სხვ.). პარფიუმერიაში იყენებენ სურნელოვან ი-ს (Viola odorata).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ია&oldid=12573-დან“