იაზიკოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ დანიელის ძე (1740–1777-ის შემდეგ), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1777-იდან). რუსეთის საიდუმლო აგენტი საქართველოში. 1770 მეფის მთავრობამ ი. საქართველოში გამოგზავნა იმ კონფლიქტისა და სადავო საკითხთა გასარკვევად, რ-იც წარმოიშვა, ერთი მხრით, მეფე ერეკლე II-სა და გენ. გ. ტოტლებენს, მეორე მხრით, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის. ამასთან, მას ევალებოდა შეეკრიბა ცნობები საქართველოს შესახებ. ი-ის მისიის შედეგად გენ. გ. ტოტლებენი საქართველოდან გაიწვიეს და ამით ურთიერთობა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ერთგვარად გაუმჯობესდა. 1771 ივნისში ი. რუსეთში დაბრუნდა.

საქართველოში ყოფნის დროს ი-მა შეაგროვა ცნობები ქვეყნის საშინაო მდგომარეობის შესახებ. საყურადღებოა მისი ე. წ. "ჩანაწერები", სადაც აღწერილია აღმ. და დას. საქართველოს გეოგრ. პირობები, ბუნებრივი სიმდიდრეები, ეკონომიკა, მიმოსვლის გზები, დიდი ქალაქები და სოფლები, მმართველობის სისტემა, სასამართლო, ფინანსები, საგადასახადო სისტემა. მოცემულია ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის დახასიათება, აღმ. და დას. საქართველოს კულტურული იერი, ქართ. არისტოკრატიის ევროპეიზაციის დასაწყისი და სხვ.

წყარო: Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся до Грузии, под ред. А. А. Цагарели, т. ١, СПб., 1891.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.