იაკობ ვერონელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Jakob von Verona), XIV საუკუნის იტალიელი პილიგრიმი. მისი ცნობით (1340) "ქართველები ნათლობაში ლათინთა მსგავს წესებს იყენებენ, ხოლო ლიტურგიაში ბერძნულ ფორმას მისდევენ. წმინდა საფლავის ეკლესიაში ქართველებს თავიანთი კაპელა ნუბიელების გვერდით აქვთ. ქართველები სარკინოზთა მსგავს ტანისამოსს ატარებენ, ცხოვრობენ მონღოლთა ახლოს, ჰყავთ უაღრესად მძლავრი მეფე (ქართველთა მეფეში იგულისხმება გიორგი ბრწყინვალე, რ-ის მოღვაწეობის დროს განსაკუთრებით გაიზარდა ქართველთა როლი პალესტინასა და იერუსალიმში). ქართველები არიან მეტად ღვთისმოსავი, მძლავრი და ერთგული ქრისტიანები".

ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004. ა. თვარაძე.