იაკუთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-რუმი ალ-ჰამავი (1179–20. VIII. 1229, ჰალაბი), არაბი ლიტერატორი და გეოგრაფი. წარმოშობით მცირეაზიელი ბერძენი. ავტორია მრავალი ნაშრომისა, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი გეოგრ. ლექსიკონი – "ქვეყნების ანბანზე გაწყობილი ლექსიკონი" ("მუჯამ ალ-ბულდან"). მასში მოცემულია საინტერესო ცნობები სამხრ. კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს შესახებ. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი თბილ. აღწერას: "თაფლისი ან თიფლისი... იგი ჯურზანის მხარის დედაქალაქია..., ესაა ქალაქი, რომლის იქითაც აღარ ვრცელდება ისლამი; მის შუაში მიედინება მდინარე, რომელსაც ეწოდება კურრი და რომელიც ერთვის ზღვას. მასში დოლაბებია საფქვავად. მას არტყია დიდი გალავანი. იქ არის ძლიერ ცხელი აბანოები, რომლებიც არ საჭიროებს გაცხელებას და არც წყლის ამოქაჩვას... ესაა ცხელი წყარო, რომელიც ამოდის მიწიდან... ეს აბანოები, როგორც გადმომცა ამის შესახებ ბევრმა თბილისის მცხოვრებთაგან, მუსლიმებისთვისაა და სხვები მასში არ დადიან..." ლექსიკონში შესულია მრავალი ცნობა საქართველოს შესახებ. დასახელებული და განმარტებულია: აბხაზი, ულთა (ოლთისი), უნიქი (ადგილი ბასიანში, სადაც ქართველებმა დაამარცხეს რუქნ ალ-დინი), ბასინი (ბასიანი), თიფლისი (თბილისი), ჯურზანი (ქართლი), ხუნანი, დმანისი, ჯურჯი (ქართველი) და სხვ.

თხზ.: Jacut’s geographisches Wörterbuch aus der Handschriften zu Berlin, St. Petersburg und Paris, hrsg. von F. Wüstenfeld, Bd. 1–6, Lpz., 1866–73.

პუბლ.: Qაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ე. სიხარულიძის გამოც., ნაკვ. 1, თბ., 1964.

გ. ჯაფარიძე.