იალბუზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთის (რფ) ტერიტორიაზე. მთის მასივი აღმართულია გვერდით ქედზე და წარმოადგენს უმთავრესად ანდეზიტებით აგებული ჩამქრალი ვულკანის ორმწვერვალიან კონუსს. დას. მწვერვალის სიმაღლეა 5642 მ აღმ-ისა – 5621 მ. გამყინვარების საერთო ფართ. – დაახლ. 138,5 კმ 2. დიდი მყინვარებია: აზაუ, ირიკი, ტერსკოლი.

ი-ს ყაბარდოელები უწოდებენ "ოშხომახოს", ბალყარები –"მინგი-თაუს", ჩერქეზები –"აშ-გამახოს". მისი სპარს. სახელია "ელბოროსი", საიდანაც დამკვიდრდა ქართ. იალბუზი და რუს. ელბრუსი.

ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) თავის შრომაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" მას "იალბუზად" მოიხსენიებს და "კავკასთაგან უმაღლესად მჩენარეს", "ქარმყინვარეს" და "მარადის მყინვარეს" უწოდებს.

ი-ის აღმ. მწვერვალზე 1829 წ. 10 ივლისს ავიდა ყაბარდოელი ქილარ ხაშიროვი – კავკასიის გამაგრებული ხაზის გენერლის გ. ა. ემანუელის მეთაურობით ჩატარებული საერთაშ. სამეცნ. ექსპედიციის ერთ-ერთი გამყოლი. ევრ. წყაროებში ქ. ხაშიროვის ასვლა საეჭვოდ არის მიჩნეული. პირველ ამსვლელებად სახელდებიან ინგლ. ექსპედიციის წევრები, რ-ებიც ი-ზე ავიდნენ 1868 (ხელმძღვ. დ. ფრეშფილდი).

1874 წ. 28 ივლისს ი-ის დას. მწვერვალზე ავიდა ბალყარელი გამყოლი ა. სოტაევი ინგლ. ექსპედიციის წევრებთან ერთად (ხელმძღვ. ფ. გრონე).

1890 ი-ის დას. მწვერვალზე, 1896 კი აღმ. მწვერვალზე ავიდა რუსი ტოპოგრაფი და მთამსვლელი ა. პასტუხოვი და საფუძველი დაუდო ი-ის შესწავლას.

1925 წ. 12 ივლისს ი-ის აღმ. მწვერვალზე "11-ის თავშესაფრიდან" ავიდნენ საქართვ. გეოგრ. საზ-ბის მთასვლა-მგზავროსნობის განყ-ბის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის წევრები გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციას ახლდნენ გამყოლები გ. წიკლაური და ი. კაზალიკაშვილი. ასვლაში მონაწილეობდა 19 მთამსვლელი, მათგან – 5 ქალი (მ. ბეჟანიშვილი, ე. ლორთქიფანიძე, ა. ნიკოლაიშვილი, მ. ტყავაძე, ლ. ჩხეიძე). ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა ს. ჯაფარიძე.

1927 წ. 15 აგვისტოსი-ის დას. მწვერვალი სამხრ.-აღმ-იდან,უნაგირას გავლით დალაშქრეს მთამსვლელებმა ს. ჯაფარიძემ (ხელმძღვ.), დ. და შ. მიქელაძეებმა და ი. ფროლოვმა.

ი. და მისი მიდამოები სამთო-სათხილამურო სპორტის და ტურიზმის ცენტრია.

ლიტ.: კავკასიონზე, კრ., შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006; БСЭ т. 30, М., 1978. მ. უთმელიძე. ე. ლოლუა.

იალბუზი ყოფილი სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.