იალნოს ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარეკახეთში, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. საგურამოს ქედის აღმ. გაგრძელება. იგივე ძვ. "აკრიანის მთები". სიგრძე 18 კმ. უმაღლესი წერტილია მთა იალნო (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით – "იალონი"). სიმაღლე 1874 მ. ი. ქ. აგებულია ნეოგენური დანალექი ქანებით (კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები). საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილისი–თიანეთის საავტ. გზატკეცილით. ქედი წარმოადგენს წყალგამყოფს, ერთი მხრივ, მდ-ების – თეზმისა (არაგვის მარცხ. შენაკადი) და გორანის (ივრის მარჯვ. შენაკადი) და, მეორე მხრივ, მდ-ების – ნორიოსხევის (ლოჭინისხევის მარჯვ. შენაკადი), მარტყოფისწყლის (ლოჭინისხევის მარცხ. შენაკადი) და საცხენისის (ლოჭინისხევის მარცხ. შენაკადი). ქედის კალთები შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით (მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და წიფლნარი). თხემზე მეორეული სუბალპ. მდელოებია.

ლ. მარუაშვილი.