იალღუნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Tamarix), მერქნიან მცენარეთა გვარი იალღუნისებრთა ოჯახისა. ზაფხულმწვანე, იშვიათად მარადმწვანე ბუჩქები ან ტანდაბალი ხეებია. სიმაღლე 3-12 მ-ს აღწევს. წვრილი გრძელი ყლორტები დაფარული აქვს პატარ-პატარა მოცისფრო ან მონაცრისფრო ქერქლისებრი ფოთლებით, რ-ებიც მარილის გამომყოფი ჯირკვლებით არის მოფენილი. 54-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრ. ევროპაში, წინა და ცენტრ. აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 3 სახეობა გვხვდება – ოთხმტვრიანი ი. (T. tetrandra), მრავალტოტიანი ი. (T. ramosissima) და ჰოჰენაკერის ი. (T. hohenackeri) გავრცელებულია როგორც ბარად, ისე მთაში. იზრდება ჭალის ტყეებში, ზღვისპირა ქვიშაზე, ტბების, მდინარეებისა და სარწყავი არხების ნაპირებზე, რიყეზე, სტეპისა და უდაბნოს დამლაშებულ ნიადაგზე და სხვ. ი. სინათლის მოყვარული და სწრაფმზარდია. კარგად იტანს გვალვას. თავისი ნაზი ფოთლებისა და უხვი ყვავილების გამო ძალზე დეკორატიულია, განსაკუთრებით გამოსადეგია მლაშობების გასამწვანებლად. თაფლოვანი მცენარეა. ზოგი სახეობა სარწყავი კულტურების სარეველაა. ამრავლებენ კალმით, თესლითა და ფესვის ამონაყრით. მერქანს იყენებენ სახარატო საქმეში. შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს. გამოსადეგია უდაბნოში მოძრავი ქვიშის დასამაგრებლად.

მ. სახოკია.