იანქოშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნათელა არჩილის ასული (28. VIII. 1918, გურჯაანი, – 2008, თბილისი), ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1976). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1995). თბილ. საპატიო მოქალაქე (2000). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1943). ი. ძირითადად პორტრეტისტი და პეიზაჟისტია. გამოფენებში მონაწილეობდა 1943-იდან. თბილისში 1960–82 მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა. ძირითადი ნამუშევრები: პორტრეტები – "ნინო ჭავჭავაძე" (1958), "მამის პორტრეტი" (1954, ორივე შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი), "ირმა ჩოფიკაშვილი" (1960), "ანა კალანდაძე" (1961), "მუხრან მაჭავარიანი" (1969), "მედეა ჯაფარიძე" (1976), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1978), "მიხეილ თუმანიშვილი" (1978, ყველა კერძო კუთვნილება); პეიზაჟები – "მცხეთის ჯვარი" (1967), "კახეთი" (1974), "შატილის კუთხე" (1980); დაზგური გრაფიკა – "მთვარიანი ღამე" (1945), "მეფე თამარი" (1960). ავტორია სერიებისა: "სვანეთი", "მექსიკა", "კუბა". განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" დასურათება (18 ილუსტრაცია, 1964–66).