იაპონური სოფორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Sophora japonica) L., ხე პარკოსანთა Fabaceae (Leguminosae) ოჯახიდან. საქართველოში 5 მეტრამდე იზრდება. ტოტები გლუვია, ღია მწვანე ფერის, დაფარულია მეჭეჭებით. ფოთლები კენტფრთართულია, 7–15 კიდემთლიანი, ფორმით კვერცხისებრი ან ოვალურია, წვერში წაწვეტებული. ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან მონაცრისფრო, თეთრი ბეწვით შებუსვილი ფოთოლაკებით. ფოთლის ყუნწის ძირი მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული; ღია მოყვითალო ფერის ყვავილები კენწრულ საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი 6–8 სმ სიგრძის ხორცოვანი, წვნიანი, უხსნადი, შეჭყლეტილ-ცილინდრული ფორმის პარკია. ფერად მწვანეა, ყვითლად მოარშიებული. თესლები პარკის გაგანიერებულ ნაწილებში ზის. ნაყოფი ხეზე ზამთარშიც რჩება. ყვავის ივლის-აგვისტოში. საქართველოში XIX ს-ში შემოიტანეს ბათუმსა და სოხუმში. XX ს. 60-იან წლებში კი საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოიტანეს დამატებით. მრავლადაა თბილ. და აღმ. საქართველოს ქალაქების პარკებში. გვალვაგამძლე, სითბოს მოყვარე მცენარეა. ნიადაგისადმი რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არა აქვს, თუმცა საკვებით მდიდარ ნიადაგებს ამჯობინებს. თესავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.

ემპირიული მედიცინა ი. ს-ს იყენებდა სისხლჩაქცევის სამკურნალოდ და კაპილარების აღმდგენ საშუალებად. თაფლოვანი მცენარეა.