იარაღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდასხმის მოსაგერიელებელი და ბრძოლისთვის განკუთვნილი საომარი იარაღის ზოგადი სახელწოდება. როგორც ტერმინი იგი უკვე XV ს-იდან ჩნდება და თანაარსებობს აბჯართან ერთად. მომდევნო ხანებში კი უკვე დამკვიდრებული სიტყვაა. საბას განმარტებით "იარაღი... არს ჭურჭელნი ხელოვანთა სახმარნი რკინათა თუ ძელთაგან, მეომართა აღსაკაზმავი, გინა ცხენთა". საგულისხმოა, რომ თუ აბჯარში იგულისხმებოდა მხოლოდ საბრძოლო იარაღი, თავად იარაღში, გარდა ამისა, შედიოდა აგრეთვე სახელოსნო ნივთებიც.

ქართველი მთიელები ი-ს, თავის პრაქტიკული საჭიროების გამო, ძალზე აფასებდნენ და ამავე დროს, მრავალ ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ. ამიტომაც მან აქტიურად შეაღწია ხალხის ყოფიერებასა და სულიერ ცხოვრებაში. ხშირად ი-ს ტაძრებსაც კი წირავდნენ, რ-ის მიზანი, მისი საიმედო ადგილზე შენახვა იყო, რათა ხალხს დიდხანს დამახსოვრებოდა ვის ეკუთვნოდა ეს ი., როდის და რატომ შესწირეს იგი ხატს. საკულტო სალოცავში ი-ის შეწირვას სარწმუნოებრივი დატვირთვაც ჰქონდა მშობიარე ქალი ბალიშის ქვეშ ხანჯალს იდებდა, რათა ახალშობილთან ავი სულები არ მიეშვა (მთაში გავრცელებული წესი). ზოგან მშობიარეს ხანჯალი ხელში ეჭირა (ფშავი), მეუღლე ან რომელიმე ახლო ნათესავი კი ი-ით ხელში ახლომახლო იმყოფებოდა, რათა, ერთი მხრივ, სროლით გადაედევნა უწმინდური და შეემსუბუქებინა ქალისთვის მშობიარობის სიმძიმე, მეორე მხრივ, ახალშობილისთვის გაეცნო მამაცობის პირველი გაკვეთილი. ამავე მიზნებით ბავშვის აკვანს აბამდნენ ხმალს ან დაშნას, ანდა თავქვეშ უდებდნენ დანას. ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში წყალში დებდნენ ხმალს, ხოლო შემდეგ ბავშვს ამ წყლით ბანდნენ.

ი-ს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ჯვრისწერის დროს. ტაძრისა და სასახლისაკენ მიმავალ გზებზე ახალდაქორწინებულებს აუცილებლად შეიარაღებული ახლობლები და ნათესავები, მაყრები აცილებდნენ, რ-ებიც განასახიერებდნენ ყოველგვარი უბედურებისაგან დამცველ ძალას, ანუ მაგიური ძალის მფლობელებს. მომავალში იგი გადაიქცა ქორწილის ჩვეულებრივ დანამატად. მასვე განეკუთვნება ფართოდ გავრცელებული ტრადიცია – ახალდაქორწინებულთა გავლა გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ. ფშავში ახალდაქორწინებულები სახლში შესვლამდე ცივი ი-ით უვლიდნენ გარს სახლს და ურტყამდნენ კედლებს. თუშეთში პატარძალს კართან უნდა გადაებიჯებინა ხანჯალზე ან ქუდზე, მოახლოებული სტუმრები კი თოფის სროლით ამცნობდნენ სოფელს ამის შესახებ. სვანური ქორწილის დროს ქალიშვილის სახლში მალულად შეაგდებდნენ ტყვიას ანდა გაისროდნენ თოფს შემდეგი შეძახილით: "დღეის ამას იქით ეს ქალიშვილი ჩვენია".

საბრძოლო ი-ს დაკრძალვის დროსაც იგივე მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგ., ხევსურეთში გარდაცვლილს მარჯვენა ხელში ეჭირა ხმალი, მარცხენაში – ანთებული სანთელი და შემდეგი სიტყვებით აცილებდნენ: "მშვიდობიანად იმგზავრე იმქვეყანაში, გზა შენთვის ხსნილია, შენი სულისთვის გზა ნათელია, ნუ დარჩები სიბნელეში, არ შეშინდე, ხმლით მოიგერიე მტერი, იყავ გულმაგარი", ხოლო გლოვის დროს ჭირისუფალი გარდაცვლილის ხანჯალს ან ხმალს დაიტირებდა. დასაფლავების შემდეგ რამდენიმე ხნით იკრძალებოდა შრომა და თოფის სროლა. ამ წესის დარღვევა ლაჩრობად ითვლებოდა და ხშირად შუღლსაც კი იწვევდა. ეს წესი ვრცელდებოდა მთელ ხევსურეთში, გარდა არხოტისა, რადგან არხოტი სასაზღვრო ზოლში მდებარეობდა, თოფის სროლის აკრძალვა კი სახიფათო ხდებოდა. სროლა მხოლოდ დაკრძალვის დღეს არ შეიძლებოდა.

საბრძოლო ი-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაჟკაცის "კაი ყმად" გამოცხადების დროსაც. როდესაც ყმაწვილს უსრულდებიდა 15 წელი, ხევსურები მას საზეიმოდ გადასცემდნენ ოჯახის საბრძოლო იარაღს. მას წინ უძღოდა ფეხონზე ყმაწვილის ღირსებებზე საუბარი და საერთო ნება-სურვილი – "დროა ამ ვაჟკაცმა აისხას იარაღი". წლების განმავლობაში საბრძოლო ი. ხანჯალი და ხმალი, წარმოადგენდა ქართული ეროვნული ტანსაცმლის (ჩოხის) აუცილებელ ელემენტს. ხევსურულ ტანსაცმელში კი ყოველთვის გათვალისწინებული იყო ადგილი საბრძოლო სათითენისათვისაც (საცერული), ქართულ ჩოხას ჰქონდა ხმლისა და ხანჯლის ჩამოსაკიდი ადგილები, უფრო გვიან გაჩნდა სავაზნე ჯიბეები.

მთიელებში ის მხარე, რ-საც საუკეთესო ხარისხის საბრძოლო ი. ჰქონდა და სახელგანთქმული იყო თავისი გამარჯვებებით, შესაბამისი ავტორიტეტით სარგებლობდა. ასევე დიდი პატივით სარგებლობდა ის ოჯახი, რ-საც საუკეთესო საბრძოლო ი. გააჩნდა, თანაბარი ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დროს, საუკეთესო ი-ის ქონა ხშირად წყვეტდა ორთაბრძოლის ბედს.

საბრძოლო ი-ის დიდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის გარემოებაც, რომ გაცვლითი ოპერაციების დროს ი. ფულის ეკვივალენტურ ფასეულობად ითვლებოდა. მთიელთა წესის მიხედვით, ოჯახის გაყრის დროს გარდაცვლილი მამის ქონება ძმებს შორის თანაბრად იყოფოდა, თუმცა ეს წესი არ ეხებოდა საბრძოლო ი-ს, მამის ერთი ძირითადი იარაღი გადაეცემოდა მხოლოდ უფროს ვაჟს.

ლიტ.: მაკალათია ს., ხევსურეთი, თბ., 1984; ყეინაშვილი ი., ქართული საბრძოლო სისტემები. ტრადიცია და ისტორია, თბ., 2002. მ. ქაფანიძე.