იასაული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ.–ბრძანების აღმსრულებელი), 1. მმართველობითი და მართლმსაჯულებითი აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. მიეკუთვნებოდა ე. წ. ხელჯოხიანთა (იხ. არგნოსანი) ჯგუფს. შეცვალა გაერთ. საქართვ. დროინდელი მანდატური და არგნოსანი. საკუთრივ სააღმსრულებლო საქმის გარდა ი-ს გამოკვლევა-გამოძიების დავალებაც ეძლეოდა. მასვე განაწესებდნენ გამოსაღებთა ამკრეფ-გადამხდევინებლად და სამეფო სამეურნეო თუ სხვა სამუშაოთა ზედამდეგადაც. დასტურლამალით ცნობილია სამეფო ი-ების 2 დასი – ეშიკაღასბაშისა (23 კაცი) და ქარხნის ანუ საწყობის ნაზირის სახელოსი (17 კაცი); ი-ები სხვა სახელოებშიც (სალაროში, დავთარხანაში) იყვნენ; არსებობდა სადედოფლო ი-ების დასიც (17 ი.). ი-ების გასამრჯელო, ზოგჯერ მათი დღიური ხარჯიც, მძიმე ტვირთად აწვებოდა ჩაგრულ ხალხს. იასაულობა, დაინტერესებული პირის თხოვნითვე, ზოგჯერ სხვა უფრო გავლენიან მოხელესა თუ დიდ ფეოდალსაც ეკისრებოდა. 2. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ – საქალაქო პოლიციის მოხელე. გორში, დუშეთში, თელავსა და სიღნაღში განწესებული იყო თითო-თითო ი., ხოლო თბილისში – ოთხი. შეესატყვისებოდა უბნის პოლიციის უფროსს რუს. ქალაქებში. 3. XVI ს-იდან თანამდებობრივი წოდება ყაზახთა ჯარში, თავდაპირველად არჩევითი. შემდეგ (XVIII ს.) გაუთანაბრდა რუს. არმიის ობეროფიცრის ხარისხს, ბოლოს – როტმისტრობას, ასეულის მეთაურობას ცხენოსან ჯარში. დ. ფურცელაძე.