იაფეტური თეორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაფეტიდოლოგია, ნიკო მარის მიერ 1923–34 წლებში შექმნილი საენათმეცნიერო თეორია (ე. წ. ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება) ერთიანი გლოტოგონიური პროცესების (ენის წარმოშობისა და განვითარების) შესახებ.

თავდაპირველად ტერმ. "იაფეტიდოლოგია" იაფეტური ენების კვლევა-ძიებას გულისხმობდა (იხ. იაფეტური ენები) მაგრამ შემდეგ იგი მსოფლიო ენათა შემსწავლელი სამეცნ. დისციპლინის სახელწოდებად იქცა. შესაბამისად, იაფეტიდოლოგიის კვლევის ობიექტი პალეოგლოტოგონია გახდა. ამით ის განსხვავდება ინდოევროპეისტიკისაგან, რ-იც იაფეტიდოლოგიის თვალსაზრისით ენათა ნეოგლოტოგონიურ პერიოდს შეისწავლის. კვლევის ობიექტთა ამგვარი სხვაობა საფუძვლად დაედო იაფეტიდოლოგიისა და ისტ.-შედარებითი ენათმეცნ. მეთოდებს შორის პრინციპულ განსხვავებას. ამის გაუთვალისწინებლობა ყოველთვის ქმნიდა სერიოზულ ვაკუუმს ი. თ-ის ირგვლივ.

ი. თ. ორ ძირითად პოსტულატს ემყარება: 1. ყველაფერი სტადიებისა და 2. ყველაფერი შრეების, ფენების მიხედვით. პირველი პოსტულატი გულისხმობს, რომ ენის განვითარების ყოველ საფეხურზე ადამიანის აზროვნება რამდენჯერმე ძირფესვიანად შეიცვალა, აზროვნების ერთი სტადია ცვლიდა მეორეს. ყოველი სტადიის შიგნით ცვლილებები ევოლუციურად მიმდინარეობდა, ახ. სტადიაზე გადასვლა კი ხდებოდა რევოლუციურად, ძვ. აზროვნების ნორმების მსხვრევით და ახ. ნორმებზე გადასვლით. სტადიური ძვრები იმდენად ძლიერი იყო, რომ ახ. თაობები ძველთან შედარებით სხვა სამყაროდან მოსულს ჰგავდნენ. თუკი აზროვნება ამ ძვრებში ვერავითარ კვალს ვერ ტოვებდა, ენა აღმოჩნდა ის ფენომენი, რ-იც ამ ცვლილებათა კვალს შრეების სახით ინარჩუნებდა. სწორედ მათი საშუალებით შეიძლება აზროვნების სტადიური განვითარების საფეხურების ამოცნობაც. ბუნებრივია, რომ აზროვნების პარალელურად იცვლებოდა ენაც, მაგრამ, აზროვნებისაგან განსხვავებით, ენა ახ. საფეხურზე გადასვლისას, აზროვნების ახ. სისტემაზე მორგებისას და ახ. წესზე თავისი ელემენტების გადახარისხებისას ინარჩუნებდა ძვ. მდგომარეობის ელემენტებს – დანალექებს, დანაშრევებს. სწორედ ამ დანაშრევების საშუალებით შეიძლება გავიგოთ, თუ როგორი იყო ენა და აზროვნება სტადიური განვითარების წინა საფეხურზე. ამდენად, ენობრივი მოვლენების ანალიზი ნიშნავს სიტყვის მნიშვნელობათა გათვალისწინებას სტადიების მიხედვით (და არა მხოლოდ ერთი სიბრტყიდან გამომდინარე, ჰორიზონტალურად).

ნ. მარის მეორე პოსტულატი გულისხმობს, რომ საზ-ბის განვითარების ადრეულ საფეხურებზე კოლექტივები ორგანიზებული იყო არა მათი წევრების სისხლისმიერი ნათესაობით, არამედ იმ წარმოების ხასიათის მიხედვით, რ-საც ისინი ეწეოდნენ. კოლექტივები ვითარდებოდნენ საწარმოო პრინციპის მიხედვით, ერთიანდებოდნენ ისე, რომ ქმნიდნენ ფენებს ერთ ახ. წარმოებაში. შემდეგ ეს ფენები გადაიქცეოდნენ უფრო დიდ დაჯგუფებებად ("საწარმოო-სოციალურ დაჯგუფებებად").

თანამედროვე ენების ანალიზისას მათში აღმოჩნდება იმდენი ფენა (შრე, დანალექი) რამდენი კოლექტივიც იღებდა მონაწილეობას მათ შექმნაში. ნასესხობები გვიანდელი, ნეოგლოტოგონიური პერიოდის ფაქტები ან გვიან ჩამოყალიბებული ენათშორისი კანონზომიერებებია, რ-ებიც წინა სტადიათა კანონზომიერებებისაგან ძირფესვიანად განსხვავდება.

იაფეტიდოლოგიას უშუალოდ უკავშირდება პალეონტოლოგიური მეთოდი, პალეოფონეტიკა, პალეოსემანტიკა, რ-ებიც მარისეული ზოგადი თეორიის კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული.

მარის თეორია თავის დროზე გააკრიტიკეს როგორც ისტ.-შედარებითი ენათმეცნიერების, ისე, საერთოდ, ზოგადენათმეცნ. თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამკაცრდა კრიტიკა 1950-იდან და მიზნად დაისახა მარიზმის დაძლევა და ტრად. ლინგვისტიკის პრინციპების დაცვა. ამ საკითხებს მიეძღვნა სპეც. დისკუსია გაზეთ "პრავდის" ფურცლებზე (1950). დისკუსია გაიხსნა არნ. ჩიქობავას სტატიით. მასში მონაწილეობა მიიღო ი. სტალინმაც.

ლიტ.: Абаев В. И., Н. Я. Марр (1864–1934), «Вопросы языкознания», ١٩٦٠, №١; Вопросы теории и истории языка в свете трудов И. В. Сталина по языкознанию, М., ١٩٥٢; Гухман М. М., Типологические исследования, «Теоретические проблемы советского языкознания», М., ١٩٦٨; Марр Н. Я., Избранные работы, т. I–V М.–Л., 1933–37; Мещанинов И. И., Введение в яфетидологию, Л., ١929; მისივე Члены предложения и части речи, М.–Л., ١٩٤٥; Поливанов Е.Д., Избр. работы. Статьи по общему языкознанию, М., ١٩٦٨; Против вульгаризации и извращения марксизма в языкознании. Сборник статей, М., ١٩٥٢.

მ. ბაბუხადია.