იაჰია ანტიოქიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბნ საიდ იბნ იაჰ͞ია ალ-ანტაქ͞ი (დაახლ. 980–1066), ქრისტიანი არაბი ისტორიკოსი და ექიმი. შეადგინა ალექსანდრიის პატრიარქ ევტიხის (გ. 939) "მსოფლიო ისტორიის გაგრძელება "მატიანის გაგრძელება" ("თ͞არ͞ის აზ-ზაილი"). თხზულება ორ ტომად არის დაწერილი და მთავრდება 1066 ამბებით. ნაშრომი წარმოადგენს პირველწყაროს ჩრდ. აფრიკის, სირია-მესოპოტომიისა და ბიზანტიის ისტ. შესასწავლად. მასში აღწერილია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა კეისარ ბასილ II-ის (976–1025) დროს. კერძოდ, დავით III-ის კურაპალატად დანიშვნა; ტაოს გადასვლა ბიზანტიის ხელში, 1019 გიორგი I-ის მიერ ამ ტერიტორიის დაბრუნება; ქართველთა მეფის კავშირი ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაქიმთან ბიზანტიის წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობის მოსაწყობად, ამ მოლაპარაკების ჩაშლა; ბასილის ლაშქრობა საქართველოში 1020, გიორგი I-ის დამარცხება და საქართველოს აწიოკება; ხელახალი ლაშქრობისათვის კეისრის მზადება 1022, გიორგი მეფის დამარცხება, ბაგრატ გიორგის ძის დაბრუნება კონსტანტინოპოლიდან, მისი გამეფება საქართველოში და ბასილის მიერ მიტაცებული ტერიტორიების შემოერთება.

ლიტ.: საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ., 2008; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;Крымский А., Яхья Антиохийский, Энциклопедический словарь, изд. Ф. А. Брокгауз, И. А. Ефрон, т. 82, СПб, 1904.ბ. სილაგაძე.