იბერები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. Ibēres, ლათ. Hiberi, Hiberes) ესპანეთისა, ესპანეთის უძველესი მოსახლეობა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სამხრ. და აღმ. ესპანეთის ტერიტორიაზე, შემდეგ (ძვ. წ. VII–III სს.) – მთელ პირენეის ნ.-კ-ზე. წარმოშობით ჩრდ. აფრიკელ ტომებად მიიჩნევენ. ძველთაგანვე არსებობდა აზრი კავკ. იბერებთან მათი ნათესაობის შესახებ (აპიანე ალექსანდრიელი, სტრაბონი), რაც ცნობილი იყო ქართვ. მოღვაწეებისთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში (გიორგი მთაწმიდელი). ჰიპოთეზა ი-სა და ქართვ. ტომთა ნათესაობის შესახებ დღესაც გადაუჭრელია. იბერულ ტომთაგან დაწინაურებულნი იყვნენ: ტურდეტანები, ტურდულები, ბასტეტანები, კარპეტანები, ინდიგეტები, ედეტანები და სხვ. ტომები ერთიანდებოდნენ ქალაქური ტიპის გამაგრებულ სამოსახლოთა გარშემო (ნუმანცია, სეგოვია, ტარაგონია და სხვ.). იბერიის კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს ტურდეტანების მხარე (ახლანდ. ანდალუსია და მურსია) წარმოადგენდა, სადაც ანტ. ავტორთა მიხედვით, ტარტესის სახელმწ. არსებობდა (დაარსდა ძვ. წ. 1100). ი-ის კელტებთან შერწყმის შედეგად ძვ. წ. VI–III სს-ში ჩამოყალიბდა კელტიბერთა ტომი. ი-მა განიცადეს ფინიკიელებისა და ბერძნების გავლენა. ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა. ძვ. V–III სს-ში იბერია კართაგენელებმა დაიპყრეს. ძვ. წ. III–II სს-ში – რომაელებმა (ძვ. წ. 19–18 მთელი ესპანეთი დაიპყრეს). ძვ. წ. II ს.– ახ. წ. I ს-ში მოხდა ი-ის რომანიზაცია.

წყარო: აპიანე ალექსანდრიელი, მითრიდატეს ომების ისტორია, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1959.