იბერთა მონასტერი იერუსალიმში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(შემდგომ იოანე მახარებლის მონასტერი). საკამათოა ამ მონასტრის დაარსების დრო და ადგილი. სავარაუდოდ, ი. მ. ი. იყო პეტრე იბერის მიერ აგებული ერთ-ერთი პირველი და უძველესი ქართული სავანე. არსებული ცნობებიდან უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იოანე რუფუსის გადმოცემას, რ-ის მიხედვით, პეტრე იბერმა მონასტრის ასაშენებლად აირჩია ერთი ადგილი «სიონის ეკლესიის ზემოთ (ჩრდილოეთით), ეგრეთწოდებულ "დავითის კოშკთან" და იქ ააგო მონასტერი, რ-საც დღესაც იბერთა მონასტერი ჰქვია». პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს, რომ იუსტინიანე კეისარს (VI ს.) სხვა მონასტრებთან ერთად განუახლებია "იბერთა მონასტერი იერუსალიმში".

1932 იერუსალიმში იბერთა მონასტრის სავარაუდო მდებარეობის ადგილას აღმოჩნდა ქვა ბერძნული წარწერით: "იბერიელთა ეპისკოპოსის სა(მუელის) კერძო საფლავი და იქაური მონასტრის, რომელიც მათ (ქართვე-ლებს) ჰქონდათ დავითის კოშკში". ეპიტაფიის შინაარსი და მისი მოძიების ადგილი ზუსტად მიგვითითებს ქართველთა მონასტრის არსებობაზე დავითის კოშკთან. სამუელის საფლავის ქვის წარწერა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ მონასტერი იმავე VI ს-ში, გაურკვეველი მიზეზით, განადგურდა სამუელის სიცოცხლეშივე.

საინტერესოა, რომ პეტრე იბერს იერუსალიმში მონასტრის ასაშენებელი ადგილი შემთხვევით არ შეურჩევია. ის გარკვეული დროის განმავლობაში, ქალკედონის კრებამდე (451), იმყოფებოდა წმ. სიონის ეკლესიასთან დავითის კოშკის გვერდით მდებარე სენაკში. იოანე რუფუსის ეს ცნობა საშუალებას გვაძლევს გარკვეულწილად დავადგინოთ იბერთა მონასტრის აგების დრო – V ს. 40-იანი წლების II ნახ. უფრო ზუსტად – 444–452 წწ.

ა. ცაგარლის მიერ მოპოვებული მასალებით ვარაუდობენ, რომ იერუსა ლიმის ერთ-ერთი უძველესი იოანე მახარებლის მონასტერი, იგივეა, რაც პეტრეს დაარსებული იბერთა მონასტერი.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. 2, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1965; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, თბ., 1949.

ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998. ე. მამისთვალიშვილი.