იბერია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივერია, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოსა და ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. გვიანდ. შუა საუკუნეების, ახ. და უახლესი დროის ქართ. წყაროებსა და ლიტ-რაში ტერმ. "ივერია" იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად. ამასთან, აღმ. საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დას. საქართველოს – ქვემო ივერიას. ამ სახელწოდების წარმომავლობა ნათელი არ არის. იგი გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნ.) გარემოში ელინისტურ ხანაში. ზოგი მას ქართულ "იმერს" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დას. საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V ს. ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტ. სპერის ოლქს). ბერძნებთან ი-დ ცნობილი ქვეყანა ადგილობრივ "ქართლად" იწოდებოდა. ელინისტური ხანიდან ი. მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტ. ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რ-იც აღმ. და სამხრ. საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართ. ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდ. კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლ. პოლიტ. ცხოვრებაში აქტ. როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართვ. ტომებს, რ-ებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდ.-აღმ. ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართ. გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის ("სპარსეთის ქართლის") სახელით და სპარს. ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართ. გაერთიანებას გულისხმობს. ძვ. წ. IV–III სს. მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც; შეიქმნა დიდი სახელმწ. გაერთიანება, რ-ის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რ-ებიც ი-ის უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე – არმაზციხე დაზადენციხე.

ძვ. წ. III ს. დასაწყისში ი-ის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილ. წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რ-იც ი-ის მეფეთა ახ. დინასტიის – ფარნავაზიანების – ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) ი. საკმაოდ გაძლიერდა და ვრცელი სახელმწ. გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დას. საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტ. ოლქები – გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I სს-ში ჩამოაჭრეს სომხ. სამეფოებმა იბერებს). ი-ის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმ. საქართველოს მთიანეთზე და დას. საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი). ქართ. ისტ. ტრადიცია უკვე ფარნავაზის ხანას მიაწერს სამეფოს დაყოფას 7 საერისთავოდ: 1. არგვეთი, 2. კახეთი და კუხეთი, 3. გარდაბანი, 4. ტაშირი და აბოცი, 5. ჯავახეთი, კოლა და არტაანი, 6. სამცხე და აჭარა, 7. კლარჯეთი. ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რ-იც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ამ ტრადიციის თანახმად, ფარნავაზის სუვერენიტეტს აღიარებდა ეგრისიც.

ი-ის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ თავს იყრიდა გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდ. კავკასიიდან. ამ ადგილებზე გადიოდა დიდი საერთაშ. სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რ-იც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა. მტკვრის ხეობაში მცხეთის გარდა იყო ი-ის მნიშვნელოვანი ცენტრები – უფლისციხე, წუნდა, ოძრ(ა)ხე და სხვ. სტრაბონის ცნობით ელინისტური ხანის ი. წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ, მეტწილად ქალაქებითა და დაბებით დასერილ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, ბაზრები და სხვა საზ. შენობები. ი-ის ქალაქებში იყო სავაჭრო სახელოსნო უბნები, ხშირად უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., ძვ. ქართ. ქრონიკის მიხედვით, ძვ. წ. 169 მცხეთაში დაარსებულა ებრ. კოლონია. ი-ში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტის მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე ი-ის აქტ. მონაწილეობით იყო გამოწვეული. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნებში მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც. ი-ის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშ. საქმე. აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე – სამეფო რეზიდენცია, ზადენციხე – სევსამორა, კახეთში – ნეკრესი; აშენდა მცხეთა და სხვ., აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვ.

ძვ. წ. II და I ს. პირველ ნახევარში ი. დასუსტდა და გაძლიერებულ სომხ. სამეფოებთან ბრძოლაში ტერიტ. ნაწილი დაკარგა. ელინისტური ხანის ი. ადრინდ. კლასობრივი წინაფეოდ. სახელმწიფო იყო. მატერ. დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი – მიწათმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ თემებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხ.-სამოხელეო არისტოკრატია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ კიდევ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობა სამეურნეო საქმიანობით, ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს კვლავ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა ი-ის სახელმწ. სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

ძვ. წ. 65 ი. დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, ი-ის მეფე არტაგი ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.

მალე ი. განთავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისგან. რომსა და ი-ს შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახ. წ. I–II სს-ში კი ი. კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. ი-ის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. ი-მ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I ს. 30–50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.

I ს. II ნახევარში ი-მ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა, ხოლო II ს. 30–50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როცა ი. თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. ი-ის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელთა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპ. ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხ. ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე მჯდომი ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე "გაუფართოებია ფარსმანის სამეფო" ე. ი. უღიარებია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.

ამ დროს ი. წარმატებით ებრძოდა პართიასაც. მდგომარეობა შეიცვალა III ს-იდან, როცა ირანში ძალაუფლება სასანიდების ხელში გადავიდა. შაპურ I-ის დროს (242–272) ი. ირანის იმპერიაში შემავალ ქვეყნად ითვლებოდა, ხოლო მისი მეფე ამაზასპი – სახელმწ. დიდებულთა შორის რიგით მეოთხე პირად, თუმცა ი. უფრო ირანის ძლიერ მოკავშირეს წარმოადგენდა, ვიდრე დამორჩილებულ ქვეყანას. შემდგომში საგარეო მდგომარეობა გაუარესების გამო ი. იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა, ერთი მხრით, ძლიერ ირანსა და, მეორე მხრით, გაძლიერების გზაზე მდგარ აღმოსავლეთ რომის იმპერიას (ბიზანტიას) შორის. IV ს. დასაწყისში ი-მ ორიენტაცია რომისკენ აიღო, რაც სახელმწ. რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებით გამოიხატა.

I–III სს-ში ი-ში მიმდინარეობდა საზ-ბის მკვეთრი ქონებრივი და სოც. დიფერენციაცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს ("გლეხებს") შეერწყა, ანდა "ტაძრეულთა" (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა. მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხ.-სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად "ერისაგან" გამოყოფილ "აზნაურთა" წრე დააკომპლექტა. უკვე დიდად განშტოებული სამეფო საგვარეულო სეფესწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდა. ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ტაძრებიც, რ-ებიც შემდგომ, IV ს. დასაწყისში, ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით განადგურდნენ.

ანტ. ხანის ი-ის კულტ. შესასწავლად ძვირფასი მასალა მოგვცა მცხეთასა და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვ. ჩატარებულმა არქეოლ. გათხრებმა. აღმოჩნდა ოქრომჭედლობის და მხატვრული ხელოსნობის მრავალი შესანიშნავი ძეგლი, დიდძალი კერამ. და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები. ნაპოვნია ბერძნ. და არამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტ. ძეგლები – სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა. ი-ის კულტურა უცხო (ბერძნ.-რომაული, ირან. და სხვ.) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინ. ნაკადს.

ლიტ.: აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, [წგ.] 1, თბ., 1963; ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახ. წ. II საუკუნისა, თბ., 1957; ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968; მცხეთა, [ტ.] 1 – არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937–1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ, 1, თბ., 1970; ქავთარია გ., ფარნავაზი, თბ., 1999; მისივე, აზონი "პირველი მეფე მცხეთასა შინა", თბ., 2000; წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», ١٩٤٢, ტ. 13; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 1 – 2, თბ., 1943 – 52. გ. მელიქიშვილი.