იბერიული ანთროპოლოგიური ტიპი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპი, რომელიც კოლხურ და კავკასიონის ტიპებთან ერთად წარმოადგენს წინააზიური რასის დღევანდელ ლოკალურ ნაირსახეობას. ი. ა. ტ-ის ჩამოყალიბების შესახებ მეცნიერული დასკვნა (მ. აბდუშელიშვილი, 1964) ეყრდნობა ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ელინისტური ხანის ჩათვლით არსებულ მონაცემებს.

უძველესი პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებზე (მცხეთა, დიღომი, დვანი, ბებნისი, სამთავრო, გომარეთი, აბელია, ახალქალაქი) მიკვლეული არტეფაქტების განხილვით დასტურდება, რომ სამხრ. კავკასიის მოსახლეობა ეკუთვნოდა ერთ ანთროპოლოგიურ ტიპს, რ-იც ზოგად რასობრივ სისტემატიკაში სამხრეთევროპეიდული რასის ხმელთაშუაზღვისპირული ტიპის სახელითაა ცნობილი. რკინის წარმოების ხანაში მცირედით შეინიშნება ამ ტიპის რამდენადმე ფართო ტერიტორიაზე გავრცელება.

ადრეანტიკური ხანის პალეოანთროპოლოგიური მასალა (მცხეთა, აბელია, არმაზისხევი, ახალქალაქი, ქსანი) ასევე, ადასტურებს მის მსგავსებას წინა პერიოდის მონაცემებთან და წარმოგვიდგენს მოსახლეობის გენეტიკური სტრუქტურის უცვლელობას, მათ გენეტიკურ ერთობას. ი. ა. ტ. რ-იც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები წინა პერიოდის ანთროპოლოგიური ტიპის უშუალო მემკვიდრეა, გავრცელებული უნდა ყოფილიყო აღმ., დას. და სამხრ. საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზე. კრანიოლოგიური შესწავლით მტკიცდება, რომ ესაა დოლიქოკრანული, ვიწროსახიანი, მკვეთრად პროფილირებული, ლეპტორინული, გამოხატული (კეხიანი) ცხვირის მქონე ანთროპოლოგიური ტიპი.

ი. ა. ტ. წარმოდგენილია ორი ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული და გეოგრაფიულად განსაზღვრული აღმოსავლურ და სამხრეთ ქართული ვარიანტით, რ-თა მსგავსი მახასიათებლებია მკვეთრად პროფილირებული სახე, ფართო შუბლი, საშუალო სიგანი თვალის ჭრილი, ზედა ქუთუთოს ნაოჭის საშუალოზე მაღალი პროცენტი, თმოვანი საფარველის უხვი განვითარება და ზომიერად მუქი თმის ფერი, უფრო კონკრეტულად, აღმოსავლურქართული ვარიანტისათვის დამახასიათებელია: მკვეთრად პროფილირებული სახე, ოდნავ დაწეული ცხვირის ფუძე და წვეტი, მცირე სიმაღლის ცხვირი, თმოვანი საფარველის უხვი განვითარება, ფართო შუბლი, საშუალო სიგანის თვალის ჭრილი, თხელი ზედა ტუჩი, ზედა ქუთუთოს ნაოჭის საშუალოზე მაღალი პროცენტი, საშუალო სიგანის სახე, ზომიერად მუქი თმის ფერი. ი. ა. ტ-ის ნიშანთა ეს კომპლექსი გავრცელებულია დღევანდელი თეთრიწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის, წითელწყაროს, ხაშურის, გორის, კასპის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერ-ზე. სამხრეთ ქართული ანთროპოლოგიური ვარიანტის დამახასიათებელი ნიშნებია: თმისა და წვერის უხვი განვითარება, დახვეწილი ყვრიმალები, მკვეთრად პროფილირებული სახე, სწორი შუბლი, ცხვირის მაღალი უნაგირი, ძირითადად ორტოქეილური ზედა ტუჩი, ფართო შუბლი, ხრტილოვან ნაწილში გამოდრეკილი ცხვირის ზურგი, დაშვებული ცხვირის წვეტი, დაბალი სახე და დაბალი ტანი. ნიშანთა ასეთი კომპლექსი ძირითადად ახასიათებთ მესხეთის, ჯავახეთის, ბოლნისის და ბორჯომის ქართლელებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში მცხოვრებ ქართველებს (ლაზებს).

აღმ.-ქართული და სამხრეთ-ქართული ვარიანტები ანთროპოლოგიურად ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან, რაც მათი ერთ ტიპში გაერთიანების მორფოლოგიური საფუძველია.

ლიტ: აბდუშელიშვილი მ., კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია ადრეან-ტიკურ და ელინისტურ ხანაში, თბ., 1978; მისივე, ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური ისტორია, თბ., 1979; ცეცხლაძე ო., "სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებანი და პოპულაციურ-გენეტიკური სტრუქტურა”, ბათუმი, 2006.

ლ. ბითაძე. ე. ნადირაძე.

ქ. ხუციშვილი.