იბნ ალ-ასირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იზ-ალ-დინ აბუ ლ-ჰასან ალი (12. V. 1160, ჯაზირათ იბნ უმარი, – 1234, მოსული), არაბი ისტორიკოსი. ავტორია რამდენიმე კაპიტალური ნაშრომისა, რ-თაგან მნიშვნელოვანია თხზულება "სრული ისტორია" ("თარიხ ალ-ქამილი", 12 ტომად. თხრობა იწყება სამყაროს გაჩენიდან და გრძელდება 1231-მდე. ნაშრომის დიდი ნაწილი კომპილაციურია. ჩვენთვის საინტერესოა ნაშრომის ორიგინ. ნაწილი (XII ს. დასასრულისა და XIII ს. დასაწყისის ისტორია), სადაც უხვად არის მასალა საქართვ. ისტ. შესახებ. აღწერილია ქართველების პირველი ცდა თბილისის განთავისუფლებისა 1037/38 და მათი მარცხი; ალფ-არსლანის ლაშქრობა; დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის გათავისუფლება (1122), დავით აღმაშენებლის გარდაცვალება (1125); გიორგი III-ის მიერ ანისის აღება (1161); ბრძოლა ხლათის მმართველ შაჰ არმენთან, ქართველთა მიერ არზრუმისა და დვინის დაკავება (1162), ლაშქრობები აზერბაიჯანში (1165/6), ხლათში, ყარსში; თამარ მეფის გარდაცვალება (1207), თათარ-მონღოლთა გამოჩენა შუა აზიაში, მათ წინააღმდეგ საქართველოსა და მისი მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების კოალიციური ლაშქრობის მზადება ლაშა გიორგის ინიციატივით. მონღოლთა გამოჩენა სამხრ. კავკასიაში.

ი. ალ-ა. მონღოლთა შესახებ წერდა: "ადამის დროიდან დღემდე ქვეყნიერებას არ განუცდია ასეთი უბედურება. თათრები არავის ინდობდნენ: ისინი ხოცავდნენ ქალებს, მამაკაცებს და ბავშვებს". აღწერილი აქვს ჯალალ ედ-დინის მიერ თბილისის აღება. ხვარაზმელებმა "დახოცეს, რაც კი იქ ქართველები იყვნენ, ჯალალ ედ-დინს არ გადაურჩა არც დიდი, არც პატარა, გარდა იმისა, ვინც მაჰმადის სარწმუნოება მიიღო". ავტორის ცნობით, სულთნის ჯარები ძალიან ცუდად ექცეოდნენ თბილისის მუსლიმანებსაც "და უსამართლოდ სტანჯეს ისინი. ამ უბედურებმა ქართველებს მისწერეს და მოსვლას ეხვეწებოდნენ, ქალაქს გაგიღებთო".

ლიტ.: მაჭავარიანი ი., არაბ და სპარსელ მწერალთა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობები საქართველოს შესახებ, «მოამბე», 1897, #2; 1898, #1; სილაგაძე ბ., XII–XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე, კრ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 19..., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.3, თბ., 1979; ჯაფარიძე გ., იბნ ალ-ასირის ერთი ცნობის შესახებ, კრ. საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. 1, თბ., 1976. გ. ჯაფარიძე.