იბნ ალ-დავადარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XIV ს. არაბი ისტორიკოსი, ეგვიპტის სულთნის ალ-ნასირ ნასირ ალ-დინ მუჰამადის (1294–1340 ინტერვალებით) თანამედროვე და მისი კარის მოხელე. ავტორია ცხრატომიანი ისტორიისა "მარგალიტების განძი და რჩეული კრებულები" ("ქანზ ალ-დურარ ვა ჯამი ალ-ღურარ"), რ-იც 1335–36 დაასრულა. გამოცემულია ამ თხზულების VI–IX ტომები (კაირო, 1960–71), რ-შიც მოთხრობილია ეგვიპტის ფატიმიდთა, აიუბიდთა და მამლუქთა ისტორია; უკანასკნელი, IX ტომი, რ-იც სულთან ალ-ნასირ ნასირ ალ-დინ მუჰამადის მოღვაწეობას ეძღვნება, შეიცავს საინტერესო ცნობებს XIV-სის I მეოთხედის საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის. ი. დ. რამდენჯერმე მოიხსენიებს ქართველებს (ალ-ქურჯ), ეხება მათ ელჩობას ეგვიპტეში 1311–12, ქართველთა მონაწილეობას მონღოლთა მხარეზე ეგვიპტის მამლუქთა წინააღმდეგ სირიის ლაშქრობაში 1312–13. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მისი ცნობა 1321 ფუსტატში (ეგვიპტე) სულთნის ბრძანებით ქართველთა ეკლესიის (ქანისათ ალ-ქურჯ) დანგრევის თაობაზე.

წყარო:Die Chronik des Ibn ad-Dawadari. Neunter Teil: Der Bericht über den Sultan al-Malik an-Nasir Muhammad ibn Qalaun. Hrsg. von. H. Rocmer. Kairo, 1960.

ლიტ.: გოჩოლეიშვილი დ., იბ ალ-დავადარი 1312/13 წლის ქართველთა ერთი ლაშქრობის შესახებ, კრ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. 1, თბ., 1976; ჯაფარიძე გ., ქართველთა ერთი ეკლესიის შესახებ ეგვიპტეში, «მნათობი», 1988, # 6.

გ. ჯაფარიძე.