იბნ ალ-მარისთანია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უბაიდ ალ-ლაჰ იბნ ალი იბნ ნასრ (1145/46– 11. IX. 1203 (დაბა ჯურხაბანდი, ნახიჩევანის მახლობლად), არაბი მეცნიერი, მუჰადდისი, ისტორიკოსი, ასტროლოგი და ექიმი. მოღვაწეობდა აბასიანთა სახალიფოში. ბაღდადში ააშენა "ცოდნის სახლი" წიგნთსაცავითურთ. 1202 ოქტ.-ნოემბერში ხალიფა ან-ნასირის ბრძანებით ელჩად გაიგზავნა თბილისში, თამარის კარზე მასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა ან-ნასირთან მყოფი ქართველთა ელჩიც. ი. ალ-მ. გამოემგზავრა ბაღდადიდან – ვაზირის სასახლიდან მთელი ცერემონიალის დაცვით. მას უბოძეს შავი ხალათი და ტაილასანი (თავსაბური), შეკაზმული ცხენი და ხმალი. ხალიფამ თამართან გაატანა ეპისტოლე, რ-ის შინაარსი უცნობია. თბილისში თავისი დავალების შესრულების შემდეგ ი. ალ-მ აზერბაიჯანში გაემგზავრა გარდაიცვალა გზაში ნახიჩევანის მახლობლად.

ლიტ.: სიხარულიძე ე., იაკუთის ლექსიკონის ერთი ცნობის შესახებ, «სემიტოლოგიური ძიებანი», III, თბ., 1987. ე. სიხარულიძე.