იბრაჰიმ-ბეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალ-ქაბირ ალ-მუჰამადი [1735, სოფ. მარტყოფი, – 1816, დონგოლა (სუდანი)], ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოს გამგებელი, წარმოშობით ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი (აბრამ შინჯიკაშვილი). 1768 მიიღო ბეგობა. 1775–98 შუალედებით ეკავა შაიხ-ალ-ბალადის პოსტი, რ-იც იყო უმაღლესი მამლუქთა ორგანიზაციაში. 1785–87 ხელმძღვანელობდა ანტიოსმალურ აჯანყებას, 1798–1801 – ბრძოლებს საფრ. ექსპედიციის წინააღმდეგ ეგვიპტეში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იქიდან ფრანგების განდევნაში. 1801–05 მონაწილეობდა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, რ-იც დასრულდა წარმოშობით ალბანელი მუჰამად ალის გამარჯვებით, მუჰამადმა 1811 წ. 1 მარტს მამლუქთა ძირითადი ნაწილი გაჟლიტა კაიროში. ი. ბ. თანამებრძოლებთან ერთად სუდანში გადაიხვეწა, სადაც გარდაიცვალა, 1817 გადმოასვენეს და დაკრძალეს კაიროში. მიმოწერა ჰქონდა ერეკლე II-თან, რ-ის ძირითადი მიზანი იყო რუსეთ-საქართველოს და ეგვიპტის შეთანხმებული მოქმედება საქართველოდან და ეგვიპტიდან ოსმალების გასაძევებლად, ათავისუფლებდა და სამშობლოში აბრუნებდა ეგვიპტეში გაყიდულ ქართვ. ტყვეებს. მარტყოფში გაგზავნა ფული ეკლესიის ასაშენებლად. მისივე ხარჯით მარტყოფში, შინჯიკაშვილების უბანში აშენდა სამსართულიანი კოშკი.

ლიტ.: სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1798–1807 წლებში, თბ., 1984; ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967; ჯაფარიძე გ., მამლუქთა წერილები ეგვიპტიდან, «დროშა», 1971, # 8.

გ.ჯაფარიძე.