იბრაჰიმ ქათხუდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალ-კაზდაღლი (გ. 1754), ეგვიპტის მამლუქი გამგებელი 1748–54. წარმოშობით ქართველი კაზდაღლის სახლიდან, რ-საც მართავდნენ კაიროში დისლოცირებულ იენიჩართა კორპუსის სამხ. მეთაურები. 1735 ი. ქ. გახდა იენიჩართა კორპუსის ჩავუში (ოფიცერი), 1738–39 იყო მექაში პილიგრიმთა ქარავნის გამყოლი და ბადრაგი, კაზდაღლის სახლის მეთაური. 1748 აზებანის კორპუსის ქათხუდა (ქაჰია, მამასახლისი, მოურავი) რიდვანთან ერთად ეგვიპტიდან გააძევა ოსმალო გამგებელი რაჯაბ ფაშა და მცირე ხნით გახდა იენიჩართა კორპუსის ქათხუდა, ფორმალურად რანგით მეორე აღას შემდეგ, მისი მოადგილე, ფაქტობრივად კი პირველი პირი და შემდეგ უკვე ამ სახელით იხსენიებოდა. ქათხუდა რიდვანთან ერთად მან შექმნა დუუმვირატი, რ-იც 1754-მდე განაგებდა ეგვიპტეს. დუუმვირატში წამყვანი იყო ი. ქ. რ-საც ჰქონდა ისეთი "სიძლიერე და სიდიდე, გამჭრიახობა მართვისას და უდავო ძალაუფლება, როგორისთვისაც მანამდე არავის მიუღწევია ეგვიპტეში" (ეგვ. ისტორიკოსი ალ-ჯაბარათი). ი. ქ. ქვეყანას მართავდა ოსმალური ინ-ტების მეშვეობით. ყიდულობდა მამლუქებს და ხელს უწყობდა მაღალ თანამდებობებზე მათ დაწინაურებას. XVII ს. II ნახ. ეგვიპტეს განაგებდნენ მისი სახლიდან გამოსული მამლუქები, რ-თა შორის იყო მრავალი ქართველი. ზოგიერთი ცნობით, ი. ქ. მოკლეს მეტოქეებმა. დაკრძალულია კაიროში, მცირე კარაფას სასაფლაოზე. გ. ჯაფარიძე.