იდეოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდეებისა და შეხედულებების სისტემა, რომელშიც გაცნობიერებული და შეფასებულია ადამიანების, სოც. კლასების, ხალხების დამოკიდებულება სინამდვილისა და ერთმანეთისადმი. ტერმინი "იდეოლოგია" XVIII ს. ბოლოს დაამკვიდრა ფრანგმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა დესტიუტ დე ტრასიმ (1754–1836). ტრასის მიხედვით, ი. იყო მეცნიერება იდეებისა და მათი წარმოშობის შესახებ. იგი მიიჩნევდა, რომ ი-ის მისეული გაგება ხელს შეუწყობდა პროგრესული პოლიტ. მიზნების განხორციელებას, და დააჩქარებდა საზ. პროგრესს. XIX ს-ში ი-ის ცნება ახლებურად გაიაზრეს კ. მარქსმა და ფ. ენგელსმა. მათი აზრით, კლასობრივ საზოგადოებაში დომინანტური კლასი თავის ბატონობას წარმოების საშუალებების კონტროლის გზით ახორციელებს. ი. წარმოადგენს გაბატონებული კლასის ინსტრუმენტს, რ-იც ნიღბავს არსებულ უთანასწორობას და მას ლეგიტიმურად აცხადებს. "გაბატონებული იდეები გაბატონებული კლასის იდეებია" (მარქსი). მარქსისგან განსხვავებით, რ-იც მხოლოდ პროლეტარიატის ი-ის მიიჩნევდა ჭეშმარიტად, ვ. ლენინი თვლიდა, რომ იდეოლოგიები დოქტრინებია, რ-ებსაც დაპირისპირებული სოციალური კლასები თავიანთი მიზნებისათვის იყენებენ. XX ს-ში უნგრელმა სოციოლოგმა კ. მანჰაიმმა (1893–1947) მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ი-ები არც ჭეშმარიტია და არც მცდარი. ისინი სოციალურად განპირობებული იდეებია, რ-ებიც კონკრეტულ მსოფლმხედველობას გამოხატავენ. თუმცა იგი თვლიდა, რომ ინტელექტუალებს შეეძლოთ მიუკერძოებელი მსოფლმხედველობის განვითარება, რ-იც ჩაანაცვლებდა რეალობის დამმახინჯებელ პოლიტიკურ ი-ებს საპირისპირო პოზიცია განავითარა ამერიკელმა სოციოლოგმა დ. ბელმა (1919–2011), რ-იც ი-ს განსაზღვრავდა როგორც "მოქმედებაზე ორიენტირებულ რწმენათა სისტემას". იგი მიიჩნევდა, რომ ექსპერტულ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამედროვე საზ-ბა "იდეოლოგიის დასასრულს" მოასწავებდა. შემდგომ პერიოდში პ. ბურდიეს, ს. ჰოლის, ს. ჟიჟეკის და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომებმა ნათელყო, რომ ი-ის დასასრულზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. XX ს. II ნახ-ში ი-ის შესახებ საინტერესო მოსაზრებები ეკუთვნის ფრანგ სოციოლოგს ლ. ალთუსერს (1918–90). იგი თვლიდა, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს კონტროლს ისეთი სუბიექტების რეპროდუცირებით, რ-ებსაც სწამთ, რომ მათი პოზიცია სოციალური სტრუქტურის შიგნით ბუნებრივია. ალთუსერის თანახმად, ი. არაცნობიერ დონეზე მოქმედებს და ინდივიდთა ემოციურ განზომილებას უკავშირდება. დღესდღეობით, სოციოლოგების უმრავლესობა ი-ს არ განიხილავს, როგორც იდეათა მწყობრ სისტემას, რ-იც გარკვეული რწმენის ჩამოყალიბებას იწვევს. ი. უფრო განიხილება კომპლექსური პროცესების ერთობლიობად, რ-ებიც ახდენენ გარკვეული მნიშვნელობების პროდუცირებას, რეპროდუცირებას და გარდაქმნას.

საბჭოთა პერიოდის საქართველოში ი-ის შესახებ დისკურსი დომინანტური მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების ჭრილში მიმდინარეობდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართვ. მოაზროვნეებიდან ი-ს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაშრომები მიუძღვნეს ვ. ერქომაიშვილმა გ. ნოდიამ დ. დუმბაძემ, თ. ირემაძემ და სხვ.

წყარო: Marx K., Engels F., Die deutsche Ideologie. Marx-Engels-Gesamtausgabe, Bd.1–5, 1932; Althusser L., Idéologie et l‘appareils idéologiques de l‘état, La Pensée 151 (1970), Bell D., The End of Ideology, N. Y., 1960; Mannheim K., Ideologie und Utopie, Bonn, 1929.

ლიტ.: დუმბაძე დ., იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება, თბ., 2015; ერქომაიშვილი ვ., ერი და იდეოლოგია, თბ., 2000; მისივე, ადამიანი, თავისუფლება, იდეოლოგია, თბ., 2002; ირემაძე თ., იდეების მსხვრევა. თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში, კრ.: რა არის თავისუფლება?, თბ., 2010; ნოდია გ. იდეოლოგია: ეროვნული თუ სხვა?, ჟურნ.: «აფრა» 1998, #5.

გ. თავაძე