იეთიმ გურჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ნამდვ. სახელი და გვარი – იეთიმ იბრაჰიმის ძე დაბღიშვილი) (1875, თბილისი, – 15. VII. 1940, იქვე), სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. 1905–07 რევ. დროს ბაქოს ნავთის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა მუშათა დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. 1895-იდან თხზავდა ლექსებს ქართ., სომხ., აზერბ. ენებზე. პირველი წიგნი – პოემა "ანაბაჯის ლექსი" – 1909 გამოვიდა, ლექსთა კრებ. "ახალი მგოსანი და სიმღერები" – 1911, "იეთიმის ახალი ლექსები" – 1913, "ტანგო" – 1914 და სხვ. 1928 ი. გრიშაშვილმა, ხოლო 1958 ა. თევზაძემ გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები". ი. გ-ის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რ-ებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა კიდეც. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის მისწრაფებანი, სიმართლის იდეალები და თბილისური ბოჰემის განწყობილება.

ი. გ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

თხზ.: რჩეული ლექსები, თბ., 1960; ლექსები, თბ., 1979.

ლიტ.: გრიშაშვილი ი., თხზულებათა კრებული ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963; ხალხური მწერალი იეთიმ-გურჯი, «თეატრი და ცხოვრება» 1924, #20 (კრიპტ.: ვ. ბ.). გ. იმედაშვილი.