იერემია იბერიელი V

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს-ის ქართველი სასულიერო მოღვაწე. აკად. კ. კეკელიძის მოსაზრების თანახმად, იგი იგივე იერემია ურჰაელია. მას ბერძნულდან ქართულად უნდა ეთარგმნა IV ს-ის თხზულება "დიდაჰე", ანუ "ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრება". კონსტანტინოპოლში არსებულ "დიდაჰეს" ამ ნუსხაში იერემია ურჰაელი თავს "ყარიბობის გამო თავისიანებსა და სამშობლოს დაშორებულ ქართველ მართლმადიდებელს" უწოდებს. იერემია ურჰაელი (იგივე ი. ი.) იმ სას. პირთა შორისაა დასახელებული, რ-ებიც უგზოობის გამო (ყველა გზა ზღვაზე და ხმელეთზე შეკრული იყო) 431 ქ. ეფესოში შემდგარ ანტინესტორიანულ მსოფლიო საეკლ. კრებას ვერ დაესწრნენ და 431 წ. 13 აგვისტოს კონსტანტინოპოლიდან კრების მესვაურებს წერილი მისწერეს. წერილში ი. ი. ხელს ასე აწერს :"yeremia Iberos paortium Persidis" ე. ი. თავს ქართლის "სპარსული ნაწილის" ეპისკოპოსად ასახელებს. 431-თვის ქართლი რადგან ისევ ბიზანტიასა და ირანს შორის გაყოფილ ქვეყნად რჩებოდა, ი. ი. ირანელთა გავლენაში მყოფი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო (კ. კეკელიძე მას მთელი ქართლის ეპისკოპოსად თვლიდა). 439 ქართლი მთლიანად ირანს დაექვემდებარა, ი. ი-მა შესაძლოა ამ დროს დატოვა ქართლი და ქ. ურჰაში (ედესა, ანტიოქია) გადასახლდა, რის შემდეგაც "ურჰაელად" იწოდა. ძვ. წყაროებში "ურჰა" და "ქართლი" რადგან ზოგჯერ, იდენტური შინაარსის ტერმინებად იხმარებოდა (იაკობ სპარსის კოპტორ ვერსიაში პეტრე იბერი ურჰაელად იწოდება), გამორიცხული არ არის, ი. ი. "იერემია ურჰაელადაც" მოეხსენებინათ.

ლიტ.: კეკელიძე კ., იერემია იბერიელი, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; გოილაძე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002. ვ. გოილაძე.