იერუსალიმის ქართული დიასპორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ეთნიკური ელემენტის განსახლების შესახებ იერუსალიმში ცნობებს გვაწვდის ზოგიერთი უცხოელი მოგზაური პილიგრიმი და პოლიტიკური მოღვაწე (ქართ. საისტ. მწერლობა ამის შესახებ). ამათგან შეიძლება დავასახელოთ ბენიამინ ტუდელელი (XII ს.), კირაკოს განძაკეცი XIII ს., ჟაკ დე ვიტრი (XIII ს.). იოჰან ტუხერი, ბერნარდ ფონ ბრაიდენბახი (XV ს.), ჰერცოგი ფრიდრიხ II, იან ვანტი (XVI ს.), ბერნარდ სური (XVII ს.) და სხვა. ი. ქ. დ. დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მიზეზით: საქართველოში არსებული პოლიტ.-ეკონ. და მისი საერთაშ. მდგომარეობით. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში, პალესტინაში და საკუთრივ იერუსალიმში არსებულ ვითარებას. იერუსალიმისა და მის მიდამოებში არსებული ქართველთა ხალხმრავალი ახალშენების (მაგ. სოფ. მალხა) არსებობის მაჩვენებელია არქეოლ. მასალა და თქმულებები. იერუსალიმში მრავალრიცხოვანი ქართ. თემის არსებობაზე მიუთითებს V ს-ში პეტრე იბერის მიერ ამ ქალაქში სასტუმრო სახლისა და მონასტრების დაარსება, საეპისკოპოსოს არსებობა VI ს-ში. იერუსალიმში ქართველთა რაოდენობა ძლიერ შემცირდა თავდაპირველად სპარსელების (614), შემდეგ კი არაბების მიერ იერუსალიმის დაპყრობისა და ქრისტიანთა დევნის შედეგად. IX ს-I დან ი. ქ. დ. კვლავ ძლიერდება. X ს-იდან ქართვ. ბერმონაზვნები ისე მომრავლდნენ, რომ საქართვ. მეფე ბაგრატ კურაპალატმა 1050 ეპისკოპოსი დანიშნა. ქართველებისათვის წარმატებული იყო იერუსალიმში ჯვაროსანთა პერიოდი. მუსლიმანების მიერ იერუსალიმის დაპყრობისა (1187) და მეფე თამარის დაუღალავი მცდელობის შედეგად, მისი მეფობის ბოლო პერიოდში, მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ქართ. ეკლესია-მონასტრები კვლავ მუსლიმანთა ხელში დარჩა, ი. ქ. დ-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო მამლუქი სულთნის ბეიბარსის მეფობის დროს (1260–77), რაც ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებშიც აისახა. საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის გაუარესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა მონაწილეობამ მონღოლთა ლაშქრობებში ეგვიპტის წინააღმდეგ. გერმანელი ი. ტუხერის თქმით, XV ს. 70–80-იან წლებში ქართველებს იერუსალიმში, რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი ეკავათ ევრ. კათოლიკეებისა და ბერძნების შემდეგ. იმავე საუკუნის ბოლოს იერუსალიმში მრავალი ქართვ. სას. და საერო პირი უნახავს გერმ. ბერნარდ ფონ ბრაიდენბახს. სხვა ცნობით, ქართველებს თავიანთი სასაფლაოც ჰქონდათ ქალაქის გარეთ, დამასკოს ჭიშკართან, აგრიპას ველზე. ქართველებს მდგომარეობა დაუმძიმდათ თურქების მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ (1516). ამ დროიდან იწყება ქართველთა პოზიციების შესუსტება, რაც, პირველ რიგში, მონასტრების დაკარგვით გამოიხატა. ქართ. კოლონია სულ უფრო მცირდებოდა და XVII ს. შუა ხანებიდან მან არსებობა შეწყვიტა.

წყარო: კონჭოშვილი პ., მოგზაურობა წმ. ქალაქ იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ, თბ., 1901.

ლიტ.: გოჩოლეიშვილი დ., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიიდან (XIII ს. 70-იანი წლები), «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1975, #4; თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე ზ. ალექსიძისა და ჯ. ოდიშელის გამოც., თბ., 1995; მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბ., 1998; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები. II თბ., 1980; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII), თბ., 1962; ჟანენი რ., ქართველები იერუსალიმში. ავტორის წინასიტყვაობით, თარგმ. ფრანგულიდან შალვა ვარდიძისა, სტამბოლი, 1921; ფერაძე გ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, გ. ჯაფარიძის გამოც., თბ., 1995; 15.II. 1985; ჯაფარიძე გ., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაარსება XI ს. 30-იანი წლების ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიის შუქზე, წგ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, IV, თბ., 2005; მისივე, როდის დაუბრუნეს ქართველებს მამლუქების მიერ მიტაცებული ჯვრის მონასტერი, წგ.: შოთა მესხია- 90, თბ., 2006.

ე. მამისთვალიშვილი.