ივანენკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიმიტრი დიმიტრის ძე [16(29). VII. 1904, პოლტავა (უკრაინა), – 30. XII. 1994, მოსკოვი], რუსი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1931). დაამთავრა პოლტავის პედ. ინ-ტი (1923) და ლენინგრადის უნ-ტი (1927). 1923–27 მუშაობდა ლენინგრადის სახელმწ. ოპტიკურ ინ-ტში, 1927–30 – სსრკ მეცნ. აკადემიის ფიზ.-მათ. ინ-ტში, 1929–43 სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა უკრაინისა და რუსეთის სამეცნიერო დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1943-იდან სიცოცხლის ბოლომდე ი. იყო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტის პროფესორი. 1945 აპრილ-აგვისტოში ი. ხელმძღვანელობდა გერმანიის ბირთვული პროგრამის შესწავლა-შეფასებას. სსრკ ბირთვულ პროექტში მონაწილეობაზე ი. არ დათანხმდა.

ი-ს მეცნ. ინტერესების სფერო უაღრესად ფართოა: ბირთვული ფიზიკა, გრავიტაცია, კოსმოლოგია, კლასიკური ელექტროდინამიკა და კვანტური ველების თეორია, ბიოლოგიური ფიზიკა (ცოცხალ ორგანიზმებზე ბირთვული გამოსხივების ზეგავლენა), ფიზიკის ისტორია და სხვ. გ. გამოვთან და ლ. ლანდაუსთან ერთად ი-მ განიხილა უნივერსალური მუდმივების თეორია (1928), ვ. ფოკთან ერთად აღწერა ფერმიონების მოძრაობა გრავიტაციულ ველში (1929 თანამედროვე მათ. თვალსაზრისით პირველი ყალიბრული მოდელი). 1930 ი-მ და ვ. ამბარცუმიანმა ივარაუდეს, რომ ელექტრონი ბირთვში არ არსებობს და ჩნდება ნეიტრონის ბეტა-დაშლის პროცესში. ექსპერ. მონაცემებზე დაყრდნობით, ი-მ პირველმა გამოთქვა ვარაუდი ატომბირთვის პროტონ-ნეიტრონული აგებულების შესახებ (1932; იგივე ვარაუდი შემდგომ გამოთქვა ვ. ჰაიზენბერგმაც, ი-ს შრომაზე დაყრდნობით);

ი-ს ბირთვული ძალების მოდელი, რ-იც ითვალისწინებს მასიური ნაწილაკებით გაცვლას (1934, ი. ტამთან ერთად), იაპონელმა მეცნიერმა ხ. იუკავამ საფუძვლად დაუდო ბირთვული ძალების მეზონურ თეორიას. 1949 გამოიცა ი-ს "ველის კლასიკური თეორია", რ-შიც ჩამოყალიბებულია სინქროტრონული გამოსხივების თეორია; აქვე, პირველად მონოგრაფიულ ლიტ-ში, განხილულია განზოგადებული ფუნქციები. 1964 დ. კურდღელაიძესთან ერთად ი-მ იწინასწარმეტყველა კვარკების დეკონფაინმენტის შესაძლებლობა; 1965 მათვე გამოთქვეს ჰიპოთეზა კვარკული ვარსკვლავების არსებობის შესახებ; 1983 გ. სარდანაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გრავიტაციის ყალიბრული თეორია.

ი. ეწეოდა მრავალმხრივ მეცნ.-ორგანიზატორულ და მეცნ.-პედ. მოღვაწეობას. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით სსრკ-ში ჩატარდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ფიზიკაში, მათ შორის საერთაშორისო კონფერენცია GR5 გრავიტაციასა და ფარდობითობის ზოგად თეორიაში თბილისში (1968). იყო სსრკ-ში პირველი სამეცნ. უცხოენოვანი ჟურნალის "Physikalische Zeitschrift der Sowjetunion" დაარსების (1931) ინიციატორი, ერთ-ერთი ორგანიზატორი და რედაქტორი. სამეცნ. სემინარი, რ-საც ი. 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში, გახდა მსოფლიოს თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი ცენტრი.

ი-მ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში თეორიული ფიზიკის განვითარებაში. მის მოსწავლეთა შორის არიან ქართვ. მეცნიერები: დ. კურდღელაიძე, ვ. მამასახლისოვი მ. მირიანაშვილი გ. სარდანაშვილი, ზ. ხუხუნაიშვილი, რ-თა სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება ი-ის შემოქმედებას.

1950 (სხვებთან ერთად) მიენიჭა სტალინური პრემია სინქროტრონული გამოსხივების წინასწარმეტყველებისა და მისი თეორიის ჩამოყალიბებისათვის.

დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით.

თხზ.:The neutron hypothesis. – «Nature», vol. 129 (1932), p. 798; Interaction of neutrons and protons, იქვე, vil133 (1934), pp. 981–982; On the maximal energy attainable in betatron, «Physical Review», 65 (1944), p. 343 (თანაავტ.: Pomeranchuk I.); Гипотезакварковыхзвезд «Астрофизика» 1 (1965), с. 479 (თანაავტ.:КурдгелаидзеД. Ф.); The gauge treatment of gravity, «Physics Reports», 94 (1983), pp. 1–45 (თანაავტ.: Sardanashvily G.).

ლიტ.: Дмитрий Дмитриевич Иваненко, «Новости Науки», 2014, № 1. с. 16-17; 110 лет со дня рождения Дмитрия Дмитриевича Иваненко, «Советский физик», 2014, № 6. с. 3–11.